ბიძინა ივანიშვილი - გვინდა, ქვეყანა განვითარდეს, კანდიდატიც ამის მიხედვით შეირჩა, ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი იდეალური კანდიდატია
ჩვენ გვინდა, ინსტიტუტები განვითარდეს, ქვეყანა განვითარდეს, კანდიდატიც ამის მიხედვით შეირჩა, შეირჩა ჩემი აზრით იდეალური კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, თავისი ხედვებით და გამოცდილებით, სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია.
„აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია, თავისი ხედვები აქვს, პრაქტიკა, გამოცდილება, გემოვნება. ეს არის ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რაც გავაკეთეთ ჩვენ. საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს ასეთი. ის, რაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. პირველ რიგში ის გამაერთიანებელი, ზეპარტიული უნდა იყოს”, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო კამპანიაზე და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი კანდიდატი, ვინც კულტურულად იქცეოდა.
„ერთადერთი კანდიდატი,ვინც კულტურულად იქცეოდა, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ვინც შესატყვისად საუბრობდა, ევროპულობაც აჩვენა, ჩვენც ნამუსი მოგვწმინდა იმ ფონზე, რასაც სხვები აკეთებდნენ, ეს პატარა კაცები, ეს მცირე კაცები როგორ ებრძოდნენ, თუმცა სალომე ძლიერი ქალბატონია, გაუძლო ამას, თუმცაღა გარკვეული ემოციები დასჭირდა ამას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.