ბიძინა ივანიშვილი - გვაქვს შესაძლებლობა, დავიცვათ ეროვნული თვითმყოფადობა, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას.
„ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში, მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც მმართველი პარტია წარმოადგენს, ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს. საქართველოს ეროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ, როცა ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფოს სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ – საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას. ვფიქრობ, რომ ჩემი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები ესაჭიროება გუნდს, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ. ჩვენი ვალია, ეს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ და ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. ჩვენი სამშობლო, ჩვენი ღირსეული და ამაყი ერი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, საქართველოს წინსვლისა და წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ დამაბრუნა კიდევ ერთხელ პოლიტიკაში. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 2024 წელი ყოფილიყოს ახალი წარმატებების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი თითოეული თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისთვის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.