ბიძინა ივანიშვილი - გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა, იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა
ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა გამოსვლა ექიმებისადმი, „ქართული ოცნების“ გუნდისა და ქართველი ხალხისადმი მადლობის გადახდით დაიწყო.
„მიხარია, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ასე მალე დავუბრუნდით. ამიტომ მინდა, დავიწყო მადლობით. მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს, მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა. ჩვენ ყველამ ერთად შევიტანეთ წვლილი იმაში, რომ საქართველოს დღეს ვირუსისგან თავისუფალ, მწვანე ზონად მოიხსენიებენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
მისი თქმით, კრიზისმა დაანახა ყველას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტია.
„ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი. მინდა, დარწმუნებით ვთქვა, გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა, იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.