ბიძინა ივანიშვილი - გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, ამით უპასუხა ჩვენს ინიციატივას ოპოზიციამ
გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, ცინიზმი, ქილიკი და პირადი შეურაცხყოფა – აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, საქმე იქამდე მივიდა, რომ რეგიონებში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ჩაშლის მიზნით პირდაპირ დარბაზებში უვარდებოდნენ დეპუტატებს ამ ოპოზიციისგან პირდაპირ თუ ირიბად მართული აგრესიული ჯგუფები და საჯაროდ ლანძღავდნენ მათ.
„ამ მოვლენების გამო უკმაყოფილება მმართველ გუნდში დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი შიდაპარტიული დისკუსია და უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა, მე და სხვა ლიდერებიც, უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავდით, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის მყიფე კონსენსუსი, რაც ზაფხულში ჩვენს გუნდში შედგა, დარღვეულიყო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც სესიაზე ინიციატივის განხილვა პრაქტიკულად დასრულდა და საკითხი კენჭისყრაზე დგებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დეპუტატებს, პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება. ჩვენს ქვეყანაში სკეპტიკოსებს რა დალევს, მაგრამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა და ისიც ფაქტია, რომ ჩვენს გუნდში არა ფასადური, არამედ რეალური დემოკრატიაა, რაც ადამიანისთვის საკუთარი პრინციპული პოზიციის ძალით შეცვლის მცდელობას გამორიცხავს. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ როგორც საბჭოური, ისე ნაციონალური მოძრაობის მონოლითური, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მართვის სტილი, როცა ერთპიროვნული ლიდერის წინააღმდეგ ვერავინ მიდიოდა. ჩვენს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია, ბუნებრივი პროცესია და ამის არაერთი მაგალითი უნახავს ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.