ბიძინა ივანიშვილი - გასაგებია, რატომ არ შევიდა ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის განხილვაზე, იმდენად დიდია საზოგადოების რწმენა ქრისტიანობის, ტრადიციებისადმი, ვერ გაბედეს ამის წინააღმდეგ წასვლა
ბიძინა ივანიშვილი - გასაგებია, რატომ არ შევიდა ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის განხილვაზე, იმდენად დიდია საზოგადოების რწმენა ქრისტიანობის, ტრადიციებისადმი, ვერ გაბედეს ამის წინააღმდეგ წასვლა

გასაგებია, რატომაც არ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში. იმიტომ, რომ წინააღმდეგი ვერ წავიდოდნენ, მათ პატრონები ჰყავთ და თავად არაფერს წყვეტენ, აბსოლუტურად მონური დამოკიდებულებაა, რომ იცოდეთ, ყველაზე მძიმე ხვედრი აქვთ, მაგრამ მათ ეს როლი მოსწონთ, რომ რასაც გარედან გეტყვიან, ის უნდა გააკეთო. ამიტომ მოიგონეს რაღაც, ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს და პარლამენტში არ შევიდა ოპოზიცია, რადგან იმდენად დიდია საზოგადოების რწმენა ქრისტიანობის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი იდენტობის, რომ საზოგადოების შეეშინდათ, ვერ გაბედეს ამის წინააღმდეგ წასვლა, არ მოაწერა პრეზიდენტმა, ესენი არ შევიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონზე და ოპოზიციის ბოიკოტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ გატანაში მას ლომის წვლილი აქვს. მისივე თქმით, ლგბტ საზოგადოებასთან არავითარი პრეტენზია არ აქვს, თუმცა პროპაგანდა დაუშვებელია.

„ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომლის შედეგიც არის ლგბტ პროპაგანდაც. რაც შეეხება ლგბტ საზოგადოებას, უფრო რთულად ითქმის, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ, იქ ასოებს ამატებენ და უკაცრავად ამ საზოგადოების წინაშე, შეიძლება ზუსტად ვერ გამოვხატავ სახელს, მაგრამ აზრი გასაგებია, „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ საქართველოში როდესაც მიიღეს, მასში არის ჩემი ლომის წვლილი. „ნაცებმა“ ვერც კი გაბედეს ამ კანონის შემოტანა. მეც, არ დაგიმალავთ და ძალიან დიდი მუშაობა დამჭირდა, რომ ეს კანონი გაგვეტანა. რა თქმა უნდა, ეს ხალხი არის ჩვეულებრივი ხალხი, არავითარი პრეტენზია არ შეიძლება, ამ ხალხთან გვქონდეს, ისინი საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილია, გარკვევით მინდა, რომ ვთქვა და ლომის წვლილი მე მაქვს, რომ „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ მივიღეთ, იმიტომ, რომ კანონმდებლობასთან რაღაც დაპირისპირებაში მოდიოდა. მაგრამ პროპაგანდას რაც შეეხება, ბოდიში მომიხდია, საკუთარ სახლში ვისაც რა უნდა, ის გააკეთოს, არავინ შედის და არავინ არავის მისდევს, მაგრამ პროპაგანდამ და აგიტაციამ რაც გამოიწვია, ნახეთ ქვეყნები და არსებობს სტატისტიკა ამის, რამდენჯერ გაიზარდა რიცხვი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე ლგბტ პროპაგანდის მაგალითებზე და მიზნებზე ისაუბრა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მიზანი მარტივია, ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ქალია თუ კაცი. მისივე თქმით, ასეთი ადამიანი სამართავად იოლია და ეს დაპყრობის უახლესი იარაღია.

„შედეგი რა არის, რა უნდათ? რატომ მიდის ამხელა პროპაგანდა და რატომ იხარჯება უზარმაზარი თანხები? უზარმაზარი თანხები იხარჯება ამ პროპაგანდაში. მარტივს გეტყვით, ყველაზე დიდი პარადი, მე მგონი, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ტარდება, „გეიაღლუმი“ რასაც ჰქვია და ნახეთ კადრები. რასაც ჩვენ გვეუბნებიან – რა მოხდა, ქუჩაში გამოვიდნენ, რატომ უშლით ქუჩაში გამოსვლას? ასე იწყება ყველგან და ყველაფერში, ამ მარტივით იწყება. ეს ქუჩაში გამოსვლა, ნახეთ ფოტოები, საშინელებები ხდება უკვე იმ ქუჩაში მათი გამოსვლის დროს, ჩვენთვის – საშინელებები, ვიღაცისთვის ნორმაა და ნორმად აწესებენ. პატარა ბავშვები მხარზე შემოსმული, ორი-სამი წლის, ყველანაირი ტიპის ორგია მიდის ქუჩაში. ნორმალურია ეს აგიტაცია? ეს არის ის, რასაც გვეუბნებიან ჩვენ – რა მოხდა, ქუჩაში გამოვიდნენ. აი, სად მიდის ეს ქუჩის გამოსვლა, ეს ნახეთ, რაც შეეხება პარადებს და სხვა დანარჩენი ნახეთ ქვეყნები, მე ქვეყნებს შეგნებულად არ დავასახელებ, სად მიდის ეს იდეოლოგია. ის, რომ ამბობენ – ქალს ქალი აღარ დავუძახოთ და კაცს კაცი აღარ დავუძახოთ; ის, რომ ბაღის ხუთ წლამდე ბავშვებში მიდის უკვე სექსუალური აღზრდის გაკვეთილები; ის, რომ მაგალითებია ამის, რამდენიც გინდათ და ამის მოპოვება რთული არ არის; ის, რომ ერთ-ერთი განვითარებული ქვეყნის მასწავლებელი ციხეში მეორედ შეუშვეს იმის გულისთვის, რომ გამოვიდა და ისევ თქვა პრინციპულად, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს – მამრი და მდედრი და არ არსებობს სექსუალობის ეს მრავალფეროვნება და ათასობით არ არსებობს. ისევ შეუშვეს მეორედ ციხეში. აი, აქ მიდის ეს, ნელ-ნელა რომ დაიწყოთ მარტივი ქუჩის მიტინგი, სადაც გასდით, აქ აჰყავთ უკვე, აქ მიდის. ის, რომ მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ; ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის. მე არ მინდა, ქვეყნებს შევეხო და ცალკეული პიროვნებების განცხადებები გავიხსენო, ძალიან დიდი პოლიტიკოსების. ქალია თუ კაცი, გოგოა თუ ბიჭი, არ უნდა თქვა. მიზანი მარტივია: ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ქალია თუ კაცი, არათუ ის, რომ ქრისტიანი თუ მუსლიმია, არათუ ის, რომ მას ჰყავდა დავით აღმაშენებელი და მან თავისი ისტორია და იდენტობა უნდა იცოდეს, მრავალჟამიერი იცოდეს – არა, არა, ეს ყველაფერი უნდა გადაიყაროს. მან ისიც კი არ უნდა იცოდეს, ქალია თუ კაცი. ეს არის დაპყრობის უახლესი იარაღი, ამ ადამიანს რაც გინდა, ის უქენი, არაფრის ხელის განმძრევი არ არის, არაფერს აღარ დაიცავს. აქ მიდის ყველაფერი“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.