ბიძინა ივანიშვილი - განზე გავდგები, როდესაც ვნახავ, რომ ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან
სააგენტო „ბლუმბერგი“ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს. სტატიაში სახელწოდებით „არეულობა თბილისში მილიარდერის ოცნებას კოშმარებით ემუქრება“ ნათქვამია, რომ ბოლო თვეებში საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციები იმართება, რაც „მილიარდერს და მის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური კოშმარით ემუქრება“.
სტატიაში მოყვანილია ციტატები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუდან. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, აღნიშნული ინტერვიუ ქართველი მილიარდერის რეზიდენციაში, პარლამენტის მიერ 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ გამართულ კენჭისყრამდეა ჩაწერილი.
„ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალა. მე განზე გავდგები, როდესაც ვნახავ, რომ ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან. მანამდე ეს არ მოხდება“, – ამბობს ივანიშვილი „ბლუმბერგთან“ საუბრისას.
თუმცა, როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, „საზოგადოებამ ივანიშვილს ასეთი არჩევანი შესაძლოა, არც მისცეს“.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილმა უარყო ოპოზიციის ბრალდება, რომ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივა მან ძალაუფლების გასახანგრძლივებლად ჩააგდო. ის ასევე უარყოფს, რომ კულუარებიდან მართავს პროცესებს. ამ ბრალდებაზე საპასუხოდ ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს ოფიციალურად იკავებს.
„ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანა დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც ყველა ქართველისთვის იმუშავებს და ამავე დროს დატოვოს საქველმოქმედო მემკვიდრეობა, რომელიც გააცოცხლებს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და საქართველოს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს“, – ნათქვამია სტატიაში.
„მერჩივნა, პოლიტიკოსის ნაცვლად, მებაღე ვყოფილიყავი“, – აცხადებს ივანიშვილი „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში.
სტატიაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის კიდევ ერთი მთავარი ამოცანა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაა.
სტატიაში მოყვანილია ივანიშვილის კიდევ ერთი ციტატა, სადაც ის ივნისში თბილისში განვითარებულ პროცესებს აფასებს.
„ის, რაც რუსეთმა გააკეთა, სიგიჟეა, მაგრამ თუ ჩვენ აღვმართავთ კედელს, სიძულვილის ენას მივმართავთ და ერთმანეთს გავლანძღავთ, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა, მაშინ სიტუაცია თავისით არასდროს მოგვარდება“, – ამბობს ივანიშვილი.
„ბლუმბერგის“ თქმით, ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაბრუნებას გამორიცხავს, თუმცა ამავე დროს მიანიშნებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, ვიდრე არ დაარწმუნებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ის საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ დაბრუნდება.
„რომ გვქონდეს არჩევანი „ქართულ ოცნებასა“ და სხვა ნებისმიერ ძალას შორის, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“, მაშინ მე წავიდოდი და თქვენ პოლიტიკაში ან პარლამენტში ვერ მნახავდით. თუმცა, ჩემს სოფელს არასდროს დავტოვებ“, – აცხადებს ივანიშვილი.