ბიძინა ივანიშვილი - ტემპები უნდა გავზარდოთ, რომ ვიყოთ განვითარებული ევროპის ქვეყნების სრულფასოვანი წევრი, ამას განათლების გარეშე ვერ მოვახერხებთ
ეს იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი უცხოელი მოინდომებს ქუთაისში სწავლის მიღებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქზე საუბრისას განაცხდა.
მისი თქმით, უნივერსიტეტში სწავლების ყველა სტანდარტი დაცული იქნება და შემოღებული იქნება გერმანული სწავლების ფორმა საქართველოში.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოს უნივერსიტეტებში ახლაც ჩამოდიან განვითარებადი ქვეყნებიდან და სტუდენტები განათლებას იღებენ, მაგრამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ექნება მაღალი დონე, რაც შესაძლებელს გახდის სტუდენტები ევროპის ქვეყნებიდანაც ჩამოვიდნენ.
„ეს იქნება ტიპიურად ევროპული უნივერსიტეტი. პროექტიც და პროექტირებაც, ყველაფერი მიუნხენის უნივერსიტეტთან შესაბამისი გვაქვს. იცით, რომ მისი ყოფილი რექტორი იქნება ამ უნივერსიტეტის საპატიო რექტორი. ესეც ნიშანდობლივია ძალიან. მიუნხენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა არ არის მხოლოდ ფორმალური. უნივერსიტეტის სწავლების ყველა სტანდარტი დაცული იქნება და ჩვენ მივიღებთ გერმანული სწავლების ფორმას საქართველოში. თუ განათლებას გერმანული შრომისმოყვარეობა და შრომის კულტურაც მოყვება, რა თქმა უნდა, ეს დამატებით ბიძგს მიცემს საქართველოს. ჩვენ განვითარების ტემპები უნდა გავზარდოთ, რომ მოვახერხოთ და რაც შეიძლება სწრაფად დავფუძნდეთ ჩვენს ისტორიულ ადგილზე. მხედველობაში მაქვს არა ტერიტორია პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ადგილი, რომ ჩვენ ვიყოთ განვითარებული ევროპის ქვეყნების სრულყოფილი და სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს განათლების გარეშე ვერ მოხერხდება.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე დღეს გამოქვეყნდა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ. ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.