ბიძინა ივანიშვილი - განსხვავებულის მიღებისა და პატივისცემით განთქმულ ჩვენს დედაქალაქში, ერთმანეთის კულტურის, ტრადიციებისა და ადათ-წესების პატივისცემა, საუკუნეებია, დაუწერელ კანონადაა ქცეული
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისა, თბილისის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს დედაქალაქი „კრებს ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხის შვილებს და ქართული მრავალფეროვნებაც ყველაზე მეტად აქ იგრძნობა“.
მისი განცხადებით, თბილისში, ასწლეულებია, ჰარმონიულად ცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი, ერთმანეთის კულტურისა და ტრადიციების პატივისცემა კი დაუწერელ კანონად არის ქცეული.
„განსხვავებულის მიღებისა და პატივისცემით განთქმულ ჩვენს დედაქალაქში, ასწლეულებია, ჰარმონიულად ცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, გვერდიგვერდ დგას ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა. ამ ქალაქში ერთმანეთის კულტურის, ტრადიციებისა და ადათ-წესების პატივისცემა, საუკუნეებია, დაუწერელ კანონადაა ქცეული. ყოველივე ეს, ისევ, როგორც მხოლოდ თბილისისთვის დამახასიათებელი ეშხი, სტუმარმასპინძლობა და გულისხმიერება უნიკალურ კოლორიტს სძენს ჩვენს დედაქალაქს, ასე რომ გვიყვარს ჩვენ და ასე რომ აოცებს აქ ჩამოსულ სტუმარს. ასეთია ჩვენი თბილისი, ჩვენი ქვეყნის გული, სათუთად რომ ინახავს ჩვენს ყველა გამარჯვებას და ტკივილს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.