ბიძინა ივანიშვილი - გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით
გიორგი გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებზე გამოძიება მიმდინარეობს.
„თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ამაზე მიდის გამოძიება. იძიებს პროკურატურა, ერთი პოლიციელი უკვე ბრალდებულია, დანარჩენებს დაველოდებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა დღეს ღალატი იქნებოდა.
„გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან გახარია რომ გადამდგარიყო 21-ში და 22-ში, ეს ბიჭები, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებდნენ და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ახერხებდნენ, პარლამენტში შესულიყვნენ, აბა, რატომ უნდა შესულიყვნენ, კითხვები დაუსვით, რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება. რა თქმა უნდა, ეს სურდათ და ის, რომ გახარია გადადგეს, ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობს.
როდესაც ხდება ძალადობა, ძალის მიტანა ძირითად ინსტიტუტზე, პარლამენტზე და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს, მაგრამ მან ეს მოახერხა. მან დაიცვა მოძალადე პოლიტიკოსები, „რუსთავი 2“-ის მეპატრონეები, სახელმწიფო ინსტიტუტი – პარლამენტი და მოახერხა, რომ ახალი უბედურება არ მისცა საზოგადოებას. ეს რომ ვერ მოეხერხებინა, მაშინ უნდა გადამდგარიყო. მიდის გამოძიება, თუ ცალკეულმა პოლიციელებმა პროპორციული ძალა არ გამოიყენეს, ისინი სამართლის წინაშე აგებენ პასუხს. გახარიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მადლობა ღმერთს, რომ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არც ვაშინგტონიდან და არც ევროპიდან არავის აქვს კითხვა 20 ივნისს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე.