ბიძინა ივანიშვილი - გახარიას დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას და რისთვის აკეთებდა, მისი გუნდის წევრები ამ გარეწართან რომ დგანან, გასამართლება მოუწევთ
დავუბრუნდები ამ ჩემს, ასე ვთქვათ, მოუშუშებელ ჭრილობას, გახარიას პარტიის წევრებს, არასოდეს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, ამ გარეწართან, ამის გვერდით რომ დგანან, რა თქმა უნდა, გასამართლება მოუწევთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, გიორგი გახარიას დაუმტკიცებენ, რას და რატომ აკეთებდა, როგორ ეხმარება დღესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნებაში და რამდენად კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ საქართველოს ომში ჩართვა მოუწევს.
ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გახარიასა და მისი გუნდის მიმართ უფრო მეტი გაღიზიანება აქვს, ვინაიდან ისინი პარლამენტში სწორედ „ქართული ოცნების“ მანდატით შევიდნენ, ხოლო დღეს „ნაცმოძრაობაზე“ უარესსაც აკეთებენ.
„რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა და რისთვის აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც, რა კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს. სასამართლო დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ პასუხისგება და მკაცრი პასუხისგება. უფრო მეტი გაღიზიანება მასზე და მისი პარტიის წევრებზე მაქვს. ისინი „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ უმრავლესობა და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში. დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი ერთში იმეორებენ და უარესსაც ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც. მე კიდევ ვიმეორებ, შორს ვარ იმისგან, რომ ამომრჩევლის დასჯაზე უნდა განაცხადოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.