ბიძინა ივანიშვილი - ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან ვაფორმებთ კონტრაქტებს საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასასაქმებლად
ბიძინა ივანიშვილი - ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან ვაფორმებთ კონტრაქტებს საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასასაქმებლად

ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან ვაფორმებთ კონტრაქტებს საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასასაქმებლად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა.

„რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და არა ეიფორიულად ვიძახოთ, რომ ჩვენ უმუშევრობას აღმოვფხვრით, ჩვენ ყველას დავასაქმებთ, რომ ჩვენ დავაბრუნებთ ემიგრანტებს. მუდმივად ვამბობთ, ეს არ არის მარტივი პროცესი. საშუალოდ, რამდენიც გასულია – საშუალოდ მილიონ-ნახევარი და შიგნით უმუშევარი რაცაა, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი მოითვლება. კარგი ეკონომიკის პირობებში და კარგი კოორდინაციის შემთხვევაში, საშუალოდ 50 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიძლება, შექმნას საქართველომ. აბა, ნახეთ რამდენი წელიწადია ის ორი მილიონი და 50 000, ესე იგი, ათწლეულები სჭირდება ამას, რომ ჩვენ ყველანი დავასაქმოთ საკუთარ სამშობლოში“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა საზღვარგარეთ არალეგალურად მუშაობს და

„ბუნებრივად რაც მოხდა და რაც განვითარდა, უამრავი ქართველი დღეს საშოვარზეა გადაგებული საზღვარგარეთ, იქ მუშაობს და ძირითადად, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის დასაქმებული არალეგალურად. ჩემი ინიციატივა იყო მამუკა ბახტაძესთან ერთად და მას განვიხილავდით სპეციალურად, გუნდიც ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ შეგვიძლია და რამდენიმე თვეა, უკვე აქტიურად ვმუშაობთ ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან, როგორც სახელმწიფო ვაფორმებთ კონტრაქტებს და მივდივართ ამაზე, რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რაც ევროპელებს აქვთ. ევროპელებს აქვთ სამუშაო ადგილები, აკლიათ სამუშაო ძალა, ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა. ახლა განმარტება დამჭირდება, აგიხსნით, რა ხდება რეალურად. გაიხსენეთ პოლონეთი, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, გაიხსენეთ ბულგარეთი, ასეთივე დაცლილია, როგორც საქართველო. პოლიტიკოსები რა თქმა უნდა, ამას განიცდიან და თვითონაც ცდილობენ, რომ ეკონომიკა დააწიონ ამ პრობლემებს. სადაც მაღალი ხელფასია, იქ გადაედინება მუშახელი, მაგრამ ცივილიზებულად ხდება, ისინი არ არიან ღირსებაშელახულები – ლიეტუველი რომ მიდის, ვთქვათ, გერმანიაში სამუშაოდ, ჯდება ტრანსპორტზე და ბრუნდება უკან, როცა უნდა, მოწყვეტილი არ არის სამშობლოს. ჩვენი რეალობიდან გამოსული, თავის დროზე ჩვენც პოლიტიკური განცხადებები გაგვიკეთებია, რომ დაიცალა ქვეყანა და ამას მივაწერდით პოლიტიკურ გუნდს. დღეს ისინი აკეთებენ განცხადებებს და მოგვაწერენ ჩვენ, რომ იცლება ქვეყანა და ტენდენცია იზრდება გამსვლელების. ტენდენცია არ იზრდება. თუ გინდათ რეალური სტატისტიკა, რაც დიდად საამაყო არ არის, რომ ნახოთ, უფრო მეტი გაედინებოდა, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ნაკლები გაედინება დღეს, მაგრამ ამას არ ვთვლი ჩვენს დამსახურებად. შეიძლება, ჩვენი დამსახურების რაღაც ნაწილი იყოს უფრო აქტიური, ვინც იყო, მათდროს დაიწყეს გადინება და ეს გადინების პროცესი პრინციპში დასრულებულია. ახლა ბალანსი ცოტაღა დარჩა, ვინც უფრო აქტიური იყო, ადრე გაედინებოდა. პრობლემა რაშია, რომ ისინი არალეგალურად არიან დასაქმებულები, აბსოლუტური უმრავლესობა. შესაბამისად, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ ნათესავებთან და ოჯახებთან ურთიერთობის პრობლემაა და ღირსებაშელახულები შეიძლება, დავარქვათ. ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად, რამდენიმე ასეულს უკვე ლეგალურად გერმანიასთან, შეიძლება, რამდენიმე ასეული უკვე შემდეგ გაზაფხულზე მოვახერხოთ და გავუშვათ სეზონურ სამუშაოზე. ორ-სამ წელიწადში პრინციპში ეს არის დალაგებადი, რომ ჩვენ ხელშეკრულებები გავაფორმოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებში იგეგმება მრავალი პროფესიული სასწავლებლის გახსნა საქართველოს ყველა კუთხეში, რათა ხალხის გადამზადება მოხდეს.

„რომ იცოდეთ, ბევრი მიმართულებით ჩვენ შიგნით აღარ გვყოფნის სამუშაო ძალა. და რაც მთავარია, ის ყველაზე დიდი რესურსი, რაც არის გარეთ გასული და რომლებიც არიან არალეგალურად დასაქმებული, თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ გერმანიასთან, საფრანგეთთან და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან, სკანდინავიის ქვეყნები უფრო რთულია, მაგრამ იქ კიდევ უფრო მაღალია ანაზღაურება, ხელფასები, ისრაელთანაც ამას ვახერხებთ ლეგალურად, გადავამზადებთ პროფესიებს აქ ჩვენს სასწავლებლებში უფასოდ და რაც სჭირდებათ ზუსტად, მინიმალური ენაც ორ-სამ თვეში და მივავლენთ სამუშაოდ. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ იაფი რეისები, რაც დღეს ქუთაისიდან არის, ამას მთავრობა ასუბსიდირებს. გავზრდით ამ ნაწილს, 30-35 ევროდ შეიძლება, პარიზიდან ჩამოხვიდე თბილისში, ქუთაისში და აღდგება ის, რაც დღეს არის დანგრეული და რაც ასე აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს. ჯერ ღირსეულად ჩავა, იქ, როგორც გერმანელი, ისევე დასაქმდება, არავის დაემალება, ფარული არ ექნება და მოპარული, გაფორმებული იქნება კონტრაქტი და დასაქმდება აბსოლუტურად ფორმალურად. იაფი რეისებით თუ კვირაში ერთხელ არა, კვირაში ორჯერ, თვეში ორჯერ და ერთხელ მაინც მინიმუმ თავისუფლად შეეძლება, ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ოჯახი, მოეფეროს თავის საყვარელ სამშობლოს. რეალობა ესაა, ორ მილიონ სამუშაო ადგილს ვერც ათ წელიწადში და ვერც ორ წელიწადში საქართველოში ვერანაირი ეკონომიკა ვერ შექმნის. ამიტომ სპეკულაციებს თავი უნდა დავანებოთ, მაგრამ ხალხს ღირსება დავუბრუნოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.