ბიძინა ივანიშვილი - ძალიან ფრთხილად და მობილიზებული უნდა ვიყოთ, რომ რამე ახალ ავანტურას და პროვოკაციას არ წამოვეგოთ
ძალიან ფრთხილად და ძალიან მობილიზებული უნდა ვიყოთ, რომ რამე ახალ ავანტურას არ დავექვემდებაროთ და რამე პროვოკაციას კიდევ არ წამოვეგოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, გადაცემის წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა, მაკა ცინცაძემ ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა, რომ რამდენიმე დღეში 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომიდან 10 წელი გადის, ასევე ცოტა ხნის გაიმართა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ამ კონტექსტში, როგორ და სად ხედავს საქართველოს როლს და დღეს რამდენად დაცულია საქართველო საგარეო საფრთხეებისგან.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ მოვლენებს. ასევე, ვინც თვალ-ყურს ადევნებს გლობალურ საგარეო პოლიტიკას ნახავს, რომ დღეს მსოფლიოში საკმაოდ დაძაბული და რთული მდგომარეობაა.
„ვინც თვალყურს ადევნებს გლობალურ საგარეო პოლიტიკას და ადევნებდა უფრო ადრეც, ნახავს, რომ საკმაოდ დაძაბული და რთული საგარეო მდგომარეობაა დღეს მსოფლიოში. ამ შეხვედრის ანალიზს საჯაროდ არ შევეცდები, თუმცა ძალიან ყურადღებით ვადევნებდი თვალს და მგონი, ვიცი კიდეც რაც ხდება პროცესები. ძალიან დიდი სირთულეებია და ძალიან დაძაბულია ურთიერთობები დიდ სახელმწიფოებს შორის. ძალიან რთულია მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, სირია მოგეხსენებათ, ირანის თემა, ამ ფონზე ამ შეხვედრის ანალიზს არ შევეცდები, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან ბევრ დროს ვხარჯავ და დაახლოებით ვიცი, რაც ხდება და იმ ფონზე, რაც უნდა იცოდეს ვთქვათ, არამონაწილე პირმა.
მე ერთს ვეტყოდი ისევ საზოგადოებას და ტელემაყურებელს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ძალიან მობილიზებული, რომ რამე ახალ ავანტურას არ დავექვემდებაროთ და რამე პროვოკაციას კიდევ არ წამოვეგოთ, უნდა ვიყოთ გუნდის შიგნით შეკრული მყარად, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ფასი, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ადგილი, ჩვენი შესაძლელობები კარგად და იმ ფონზე, როდესაც მიდის გლობალური მოლაპარაკებები, არ დავკარგოთ და გავიუარესოთ მდგომარეობა. პირიქით, მოვახერხოთ, რომ გარკვეული ცვლილებების ფონზე ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ამისთვის საჭიროა ძალიან პასუხისმგებლიანი და მობილიზებული, ეფექტიანი ხელისუფლება
„ამას სჭირდება ძალიან პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ძალიან მობილიზებული, ეფექტური ხელისუფლება, რაც დღეს პრინციპში, იხატება ჩვენს სახელმწიფოში. მგონი, ჩვენ ნებისმიერ გამოწვევას ღირსეულად დავუდგებით, თუ ასეთი მობილიზებული ვიქნებით და საზოგადოების მხრიდანაც იქნება ასეთი მხარდაჭერა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.