ბიძინა ივანიშვილი - დიდია სურვილი, რომ კიდევ ერთი ფურცელი ჩავწეროთ ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომ ვართ ღირსეული ერი
ბიძინა ივანიშვილი - დიდია სურვილი, რომ კიდევ ერთი ფურცელი ჩავწეროთ ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომ ვართ ღირსეული ერი

დიდია სურვილი, რომ ჩვენ კიდევ ერთი ფურცელი ჩავწეროთ ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომ ვართ განათლებული, ღირსეული ერი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, არჩევანი გააკეთა ღირსების, სამართლიანობისა და განვითარებისთვის, რათა საბოლოოდ უარი ეთქვას სიცრუესა და ძალადობას.

„კარგად ვიცით იმ ძალის ხელწერა, ვინც წარმოადგენს დღეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის ოპონენტს. კარგად იგრძნობა მოსახლეობის მობილიზება, რათა საბოლოოდ უარი ვუთხრათ ძალადობას და სიცრუეს. რა თქმა უნდა, ექსცესების მცდელობები იქნება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, პიარსა და სიცრუეს მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულად უპასუხა.

„თქვენც ნახეთ, რომ პიარსა და სიცრუეს მეორე ტურში ღირსეულად უპასუხა „ქართულმა ოცნებამ“, ასევე მოხდება დღესაც. მცდელობები იქნება ძალიან დიდი. უამრავ სიცრუეს ყრის „რუსთავი 2“, სირცხვილია. უცხოელები არიან გაოგნებული იმ სიცრუის ნაკადით, რაც მოდის „რუსთავი 2“-იდან. უამრავი სიცრუე მოდის ტელევიზიებიდან, მაგრამ მოსახლეობის მობილიზება არის ძალიან კარგი. დამკვირვებლებიც კარგად გაერკვნენ, ჩემი აზრით“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, არასამთავრობოებიც სწორ განწყობაზე დგანან და ობიექტურად შეფასდება დღევანდელი არჩევნები.

„დიდია სურვილი, რომ ჩვენ კიდევ ერთი ფურცელი ჩავწეროთ ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომ ვართ განათლებული, ღირსეული ერი და პასუხი გავცეთ, ვამხილოთ ის უკულტურობა, რასაც ოპონენტები გვთავაზობენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.