ბიძინა ივანიშვილი - დიდი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილი გამარჯვებისთვის საჭირო ხმებს პირველსავე ტურში აიღებს
ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება იქნება, დიდი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში გაიმარჯვებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურს აუცილებლად იგებს. მეორე ტური თუ შედგა და ამის ალბათობა მცირეა, თითქმის თანაბარი შანსი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ორ წარმომადგენელს, რომლებიც დღეს ორ პარტიას წარმოადგენენ. ერთი პროცენტი მგონი სხვაობა ვაშაძესა და ბაქრაძეს შორის. ერთი პროცენტი ბევრს არ ნიშნავს. ყველა შემთხვევაში, თუ იქნება მეორე ტური, რისი ალბათობაც დაბალია, მასში „ნაციონალური მორაობის“ წევრი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ეჭვი არ არის, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. ნუ გადავაქცევთ ზედმეტ ემოციებად დარჩენილ დროს. პირველსავე ტურში დავამთავროთ ეს არჩევნები, დავაცხროთ ეს ემოციები. კიდევ ერთხელ ვთხოვ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, მაქსიმალური მობილიზება გამოიჩინონ. გადადონ გვერდზე ის კითხვის ნიშანი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. ამავდროულად, ჩვენს ყოფილ მხარდამჭერებს, რომლებმაც მოახერეხეს განაწყენება არა საკუთარი მიზეზით, შეიძლება „ქართული ოცნების“ შეცდომით ან სხვა ობიექტური ფაქტორებით, გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, გავერთიანდეთ, სწრაფად დავამთავროთ არჩევნები და მაქსიმალურად სწრაფად დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა.