ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს დღეიდან გააგრძელებს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს დღეიდან გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია, ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარესთან სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები ამ დრომდეც იმართებოდა და ეს ბუნებრივი პროცესია.
„არამხოლოდ ახლა, აქამდეც ჰქონდა პარტიის თავმჯდომარეს ჩვენთან შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში. ეს იქნებოდა როგორც რეგიონის ჭრილში, ასევე სხვა ფორმატებში. ახლა იქნება კიდევ შეხვედრები. გეტყვით იმასაც, რომ ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე, ბუნებრივი და აუცილებელი პროცესი, რომელიც გაგრძელდება, ახლაც და მომავალშიც, რათა ჩვენ, როგორც მმართველმა ძალამ, შევძლოთ და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც არსებობს დღევანდელ საქართველოში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მსგავს ფორმატში პირველი შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფთან 22 თებერვალს გამართა.
„თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციაში.