ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან გააგრძელებს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა.
ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია, ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე.
თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, – აღნიშნულია პარტიის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.