ბიძინა ივანიშვილი - დემოკრატიული ღირებულებები უფრო ადრე და სწრაფად იკიდებს ფეხს ქვეყანაში, ვიდრე მას ეწევა ეკონომიკა
პოლიტიკაში დაბრუნება დიდად რომ არ მესიამოვნა, ყრილობაზეც დამეტყო სიტყვაში, ძალიან ვღელავდი. დღესაც ბევრი მუშაობა მიწევს, მაგრამ ჩავთვალე, რომ ამის აუცილებლობა იყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მისი პოლიტიკაში დაბრუნების საფუძველი მხოლოდ აუცილებლობა იყო.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე კიდევ ერთხელ დეტალურად ისაუბრა.
„ყრილობაზე ჩემს სიტყვაში სამი მიზეზი დავასახელე, აქაც გავიმეორებდი, თუმცა აქცენტებს გადავაადგილებდი. პირველი, რაც ყრილობაზე გამოსვლის დროსაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, ეს გახლდათ და გახლავთ ის, რომ საქართველოში არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ასეთი მცირე ეკონომიკის, ასეთი ღარიბი ქვეყნის შემთხვევაში, დემოკრატიული ღირებულებები ევროპის, დასავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნების შესადარია, რა თქმა უნდა, ჩამორჩება, მაგრამ შესადარია და ახლოსაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკას შესაძლოა, თავისუფლად ეწოდოს მცირე, ღარიბი ქვეყნის ეკონომიკა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ღარიბია და ყველას ყველაფრის უფლება აქვს, რაც ძალიან კარგია, გაღრმავდა და გაიზარდა ხალხის რაოდენობაც და გამონათქვამებიც, ვინც პრობლემებზე თავისუფლად საუბრობს, საუბრობენ ისინიც, რომლებსაც არასდროს უსაუბრიათ.
„ამ ფონზე, როდესაც ქვეყანა ღარიბია და ყველას ყველაფრის უფლება აქვს, რაც ძალიან კარგია – დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებებიც სწორედ იმაშია, რომ ადამიანებზეა მაქსიმალურად ყველაფერი მორგებული. ადამიანსა და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს არამარტო გამოხატვის, სხვადასხვა დემოკრატიული ღირებულებები რომ არ ჩამოვთვალო, არამედ მათით სარგებლობის საშუალება. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, გაღრმავდა და გაიზარდა იმ ხალხის რაოდენობაც და გამონათქვამებიც, ვინც თავისუფლად საუბრობს პრობლემებზე. საუბრობს ის ხალხიც, რომელიც არასდროს საუბრობდა, კრიტიკულად საუბრობენ ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალიან ცუდ პოზიციებში მოგვევლინებოდნენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, მისი შეფასებით, ამ ფონზე, ხშირად მედიაც აჭარბებს, თუმცა, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, უმჯობესია, მედია აჭარბებდეს, ვიდრე შეზღუდული იყოს.
„ამ ფონზე, მედიაც ძალიან ხშირად აჭარბებს, მაგრამ კარგია თავისუფალი მედია, გადააჭარბოს სჯობს, ვიდრე შეზღუდული იყოს. ეკონომიკა კიდევ ვერ ასწრებს, დემოკრატიული ნაწილი ისე სწრაფად ვითარდება. მხედველობაში მაქვს, რომ დემოკრატიული ღირებულებები უფრო ადრე და სწრაფად იკიდებს ფეხს ქვეყანაში, ვიდრე მას ეწევა ეკონომიკა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე გარკვეულწილად, სახელმწიფო და სახელმწიფოს სტაბილურობა არის მოწყვლადი.
„გარკვეულწილად სახელმწიფო და სახელმწიფოს სტაბილურობა არის მოწყვლადი, რამეთუ კარგად მოგეხსენებათ, საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს ელემენტარული სამუშაო ადგილები, ძალიან ხშირად ვერ ახერხებენ ბავშვებს სწავლის ფული გადაუხადონ, ცარიელი მაცივრები… ამ ფონზე, როდესაც მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოთქმის და სხვა დემოკრატიული ღირებულებები, ქვეყანაში ძალიან ბევრი ავანტურისტია, განსაკუთრებით უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან, ძალიან სახიფათოა სიტუაციის სტაბილურად დაჭერა და შეიძლება ამას სჭირდებოდა დამატებით ჩემი რესურსი“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკაში მისი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა.