ბიძინა ივანიშვილი - დავპირდი აბასთუმნის მოსახლეობას, რომ დავურიგებ ელექტრომანქანებს, მუნიციპალური სერვისებისთვისაც ელექტრომანქანებს გამოვიყენებთ
მე დავპირდი აბასთუმნის მოსახლეობას, რომ შევიძენ და დავურიგებ ელექტრომანქანებს. მუნიციპალური სერვისებისთვისაც კი ელექტრომანქანებს გამოვიყენებთ, – ამის შესახებ Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ წყალტუბოს პროექტის ინიცირება დიდწილად აბასთუმნის დადებითმა გამოცდილებამ განაპირობა. აბასთუმნის მაგალითმა გადააწყვეტინა, იგივე ტიპის, თუმცა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება.
„როგორც ხედავთ, ჩემს გააქტიურებას პოზიტიურად გამოეხმაურა ქართული ბიზნესი და იქ დღეს „პარაგრაფთან“ ერთად ხუთი ახალი მაღალი დონის სასტუმრო შენდება: „რუმსი“, „რადისონი“, „ქრაუნპლაზა“, „რედიქს ჯგუფის“ ორი სასტუმრო. ასევე შენდება საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ მილიარდნახევარ ლარს მიაღწია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც მან განმარტა, სავარაუდოდ ერთი წელი გაგრძელდება მშენებლობის აღნიშნული ბუმი და ამასობაში, ინფრასტრუქტურაც სრულად მოწესრიგდება.
„მე დავპირდი ადგილობრივ მოსახლეობას, რომ შევიძენ და დავურიგებ ელექტრომანქანებს. მუნიციპალური სერვისებისთვისაც კი ელექტრომანქანებს გამოვიყენებთ. ეს პროცესი 2021 წელს დასრულდება.
ეს გახლავთ მოდელი, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა აბასთუმანში. სწორად დაგეგმილმა და დაწყებულმა პროცესმა დიდი ბიძგი მისცა ახალ, კერძო ინვესტიციებს, რომლითაც ყველა მხარე, და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა, მოგებული რჩება. სწორედ ამ პოზიტიურმა გამოცდილებამ გამათამამა წყალტუბოს პროექტზე და დარწმუნებული ვარ, აქაც აღმშენებლობის ძალიან სერიოზული პროცესი დაიწყება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში.