ბიძინა ივანიშვილი - დარწმუნებული ვარ, მოსამართლეების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობას
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დღეს გაავრცელა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა, შესაბამისად „ქართული ოცნების“ ლიდერი აღნიშნული თემით დაინტერესებულებს მოუწოდებს, განხილვას დაელოდონ.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა. ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც კი. ამ საკითხების განხილვას დაეთმობა ერთი თვე, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამაზე ხანგრძლივი დროც“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, გადაწყვეტილებები მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული.
„აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი თავი ამ საკითხით დაინტერესებულ ერთადერთ მხარედ წარმოაჩინონ, დაელოდონ საკითხის განხილვას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს როგორც გუნდის, ისე მოსამართლეთა არჩევის პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვის ინტერესებს.
დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელიც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და რომელსაც პირადად მე განსაკუთრებულად ვუფრთხილდები”, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.