ბიძინა ივანიშვილი - ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით, პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში
ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პროგრესი ყველა მიმართულებით თვალსაჩინოა, თუმცა არავინაა ილუზიაში, რომ პრობლემები აღარ არსებობს.
„პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს. ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება. რყევებით სავსე ეპოქაში, საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში.
დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში, რა თქმა უნდა, საქართველოც დგება ახალი გამოწვევებისა და საკითხების ახლებურად გააზრების საჭიროების წინაშე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი რეალობა სულ სხვა დღის წესრიგს, სხვა მოთხოვნებს აყენებს.
„გამოწვევები მართლაც ბევრია, საშინაო თუ საგარეო, რომლებსაც ქვეყანა მზად უნდა დახვდეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.