ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ მივისწრაფვით განვითარებული ევროპისკენ, განუხრელად ვაფუძნებთ ადამიანის უფლებებზე მორგებულ ინსტიტუტებს, გაიხსენეთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი რამ თუ გაუკეთებია
ყველაზე მძიმე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა 2008 წელს, დავკარგეთ ტერიტორიების 20% დაგვეღუპა ამდენი ჯარისკაცი, ამდენი პოლიციელი, მოხდა გადასახლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ანალიზის გაკეთების უნარი არ აქვს, რაც ტრაგედიაა.
„თვითონ რაც გააფუჭეს, ჩვენ გვაბრალებენ.ყველაზე მძიმე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა 2008 წელს, დავკარგეთ ტერიტორიების 20% დაგვეღუპა ამდენი ჯარისკაცი, ამდენი პოლიციელი, მოხდა გადასახლება. 4 მილიარდი ვისესხეთ, რომ ჩაგვესახლებინა ჩვენი დევნილები, ეს 4 მილიარდი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დევნილების გაჭირვებას, ბიუჯეტს აწევს დღეს ზურგზე. ჩვენ რაც ვისესხეთ, განუხრელად სწორი მიმართულებით ვხარჯავთ. ის 4 მილიარდი დღეს ბიუჯეტში ვალად აისახება, ჩვენმა გუნდმა უნდა გაისტუმროს. ის ეკონომიკას არ მოხმარებია. ის უბედურებას მოხმარდა, რომელიც თავს მოგვახვია პირდაპირი მნიშვნელობით „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ყველაფერი გააკეთეს, რათა რუსული ჯარი შემოეყვანათ. არ იფიქროს ახლა ვინმემ, რომ რუსეთის ქმედება გავამართლე ერთი გრამითაც კი, მათ თავის წილი პასუხისმგებლობა აქვთ და ჩვენ ყველა მიმართულებით ვითხოვთ პასუხს მათგან, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე დიდი დანაშაული რაც ჩაიდინა სწორედ ეს იყო. ოკუპირებული ტერიტორიების 20%. აბა ნახეთ რამდენი ახალგაზრდა დადის და „არა ოკუპაციას!“ და მოდიან „ქართული ოცნების“ ოფისთან, ვითომ „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ეს ყველაფერი. მათ რაც გააფუჭეს ჩვენგან ითხოვენ. თანმიმდევრულად რომ გავიხსნოთ, მარტო 26 მაისით დავასრულოთ. აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი, ჩაუკეტეს ყველა გასასვლელი, ოთხი ადამიანი მოკლეს, რაც ოფიციალურია და ბევრი კიდევ დაკარგულია, დღემდე, უამრავი დაასახიჩრეს. რომელ თვალზეა, ვინ დაითვალა რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი, სად დაითვალეს ეს. დაასახიჩრეს, სიკვდილამდე სცემეს უამრავი ადამიანი. ამის მერე შეზღუდულ შესაძლებლობათა საზოგადოების ნაწილმა გაბედა ქუჩაში გამოსვლა და თავიანთი ეტლები თავზე დაამტვრიეს, ქუჩა დაკეტეს, აკრძალეს. ქუჩაში გამოსვლა აკრძალულია – წარწერები არ იყო, მაგრამ იმასაც გააკეთებდნენ ალბათ რომ დასცლოდათ. ახლა ნახეთ იგივე ხალხი როგორ აფეტიშებს იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც ჩვენ საზოგადოებას მივეცით და როგორ იყენებენ, როგორ ამახინჯებენ. კანონის ფარგლებში დადგნენ, რამდენიც უნდათ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთელი გუნდი არის პროდასავლური.
„ტყუილად იბრალებენ ახლა გარკვეული ჯგუფები პროდასავლელები არიანო. გვარებს არ დავასახელებ. რა პროდასავლელები არიან. პროდასავლური უნდა დაგერქვას მაშინ, როდესაც ახორციელებ პროდასავლურს, ეს ადამიანის უფლებებზე მორგებული კანონმდებლობა და ინსტიტუტებია. ამ ფორმით „ქართული ოცნებასთან“ ვერავინ ვერ მივა. იყვნენ ხელისუფლებაში, რომლებიც პროდასავლურობას იბრალებენ და რეალურად ფსევდო-ლიბერალურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული რაღაც ახალი ტიპის დიქტატურა მოგვახვიეს თავს. „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდგომ ყველა ინსტიტუტი იკრებს ძალას და დემოკრატიულად, ევროპულად ვითარდება. სწორედ „ქართული ოცნება“ არის ყველაზე პროდასავლური გუნდი. პროდასავლურობა ჩემთვის პირველ რიგში არის პროდასავლური ფასეულობების გაზიარება და დაფუძნება. ჩვენ მივისწრაფვით განვითარებული ევროპისკენ და განუხრელად ვაფუძნებთ ადამიანის უფლებებზე მორგებულ ინსტიტუტებს. გაიხსენეთ, „ნაცებს“ მსგავსი რამ თუ გაუკეთებიათ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.