ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ გვქონდა რესურსი და ვაჩვენებთ კიდეც 2020 წლის არჩევნებში, რომ პროპორციული სიით მივიღებთ 50 პროცენტზე მნიშვნელოვნად მეტს
ჩვენ გვქონდა რესურსი და ვაჩვენებთ კიდეც პოლიტიკოსებსაც, ჩვენს ამომრჩეველსაც 2020 წლის არჩევნებში, რომ პარტიული პროპორციული სიით მივიღებთ მნიშვნელოვნად მეტს, ვიდრე 50 პროცენტისა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაც მოხდა იმას თავადაც განიცდის და გუნდშიც განიცდიან.
მისი თქმით, ის არწმუნებდა გუნდს, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შესაბამისი რესურსი.
„რა თქმა უნდა, მე განვიცდი, გუნდშიც განიცდიან ამას. ეს არ უნდა მომხდარიყო, სჯობდა. ჩვენ გვქონდა რესურსი, ვარწმუნებდი გუნდის წევრებს, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი, არ დავარღვიოთ ჩვენი სიტყვა და ჩვენ არჩევნებს თავისუფლად, 50-სა და 60 პროცენტს შორის ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეგვიძლია, მივიღოთ ამ არჩევნებში და შეგვიძლია, უმრავლესობა მივიღოთ, მთავრობაც ჩამოვაყალიბოთ.
გასაგებია, ყველას ჰქონდა კითხვა – კოალიცია ვისთან, ამათთან კოალიცია? ამათთან გინდა კოალიცია? და აბსოლუტურად საფუძვლიანი კითხვაა, ვისთან უნდა გააკეთო კოალიცია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნება“ 2020 წლის არჩევნებში აჩვენებს, რომ რესურსი ჰქონდა.
„ჩვენ გვქონდა რესურსი და ვაჩვენებთ კიდეც პოლიტიკოსებსაც და ჩვენს ამომრჩეველსაც 2020 წლის არჩევნებში, რომ პარტიული პროპორციული სიით ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვნად მეტს, ვიდრე 50 პროცენტისა. ჩვენ ეს რესურსი გაგვაჩნდა. სამწუხაროდ, ასე მოხდა, მაგრამ ყოველთვის არ გაქვს არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის. ცუდსა და უარესს შორის ჩვენ მოვახერხეთ მობილიზება“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, გუნდი არ დაიშალა და შენარჩუნდა. ახლა უნდა გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება.
„მე პირადად ძალიან ვიაქტიურე და არ დავშალეთ გუნდი, შევინარჩუნეთ. უმრავლესობის დაშლა იქნებოდა ტრაგიკული ამ ქვეყნისთვის დღეს. შევინარჩუნეთ სტაბილური უმრავლესობა და მე ძალიან მიყვარს გამონათქვამი, რომ „ზოგი ჭირი მარგებელია“. რა თქმა უნდა, ცუდი იყო რაც მოხდა, როგორც მოხდა, მაგრამ აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნები, მრავალმხრივი დასკვნები და გავაგრძელოთ ქვეყნის სტაბილური განვითარება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.