ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ გვინდა, სამშობლო გავაერთიანოთ, სალომე ზურაბიშვილი ამის სიმბოლოა და შეგვიძლია, დღეს ის ავირჩიოთ პრეზიდენტად
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ გვინდა, სამშობლო გავაერთიანოთ, სალომე ზურაბიშვილი ამის სიმბოლოა და შეგვიძლია, დღეს ის ავირჩიოთ პრეზიდენტად

აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილს გადაჭარბებით არაფერი უთქვამს, მან მხოლოდ ევროსაბჭოს რეზოლუციის ჩანაწერი გაიმეორა, – – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა TV პირველის, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი და სალომე ზურაბიშვილის ინტერპრეტაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია.

„სალომე ზურაბიშვილს არაფერი უთქვამს იმაზე გადაჭარბებული, რაც არ წერია ამ რეზოლუციაში, მან მხოლოდ ამ რეზოლუციის ჩანაწერი გაიმეორა. ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაში გარკვევით წერია, ვინ, რა და როგორ გააკეთა. ჩემი და ქალბატონი სალომეს ინტერპრეტაციები აბსოლუტურ თანხვედრაშია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყოფნის თავხედობა და სალომე ზურაბიშვილს მოღალატეს უწოდებს. 

„ცდილობენ, დაადანაშაულონ ქალბატონი. მოღალატე და არაქართველი ეძახონ ქალბატონს, რომელიც დაიბადა საფრანგეთში, რომლის მამამ ზურაბ ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი იმიტომ თქვა, რომ საქართველოსი არ დაეტოვებინა. ასეთი მამის გაზრდილ შვილზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი წევრი და მხარდამჭერი ეჭვს გამოთქვამს, რომ ქართველი არ არის.

ამ ტიპურმა ევროპელმა ქალბატონმა ევროპაში, საფრანგეთში გაიკეთა კარიერა და ჩამობრძანდა თავის სამშობლოში. უამრავი ქართველი ოცნებობს დაბრუნებაზე. ჩვენ გვინდა, სამშობლო გავაერთიანოთ, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი, სალომე ზურაბიშვილი ამის სიმბოლოა, თანაც ქალბატონი, თანაც ევროპელი და ჩვენ შეგვიძლია დღეს ის ავირჩიოთ პრეზიდენტად.

ნახეთ, როგორ იქცევა ეს ქალბატონი და როგორ იქცევა „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ბედავენ და ამბობენ, რომ ეს არის მოღალატე, თვითონ ღალატი ჩაიდინეს, ამდენი მიწები დაიკარგა, ამდენი ხალხი დაიხოცა. მიატოვეს, აქ ჩამოვიდნენ, რუსთაველზე ცეკვავდნენ, დროშებს აფრიალებდნენ და ეს ხალხი დღეს ბედავს და ამას ლაპარაკობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.