ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ დღეს გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო მთავარ პარტნიორად და მეგობრად, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები
საქართველოს დღეს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო მთავარ პარტნიორად და მეგობრად, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, „TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„იმედის“ ჟურნალისტმა, ირაკლი ჩიხლაძემ ბიძინა ივანიშვილს საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებით ჰკითხა, რამდენად დაცულია საქართველო საგარეო საფრთხეებისგან და ამ კონტექსტში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსეთის პრეზიდენტისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებებიც ახსენა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საფრთხეები ყოველდღიურია, თუმცა საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის ყველას შურს, მაღალი რანგის პოლიტიკოსები ინტერესდებიან, როგორ ახერხებს ქვეყანა ამას.
„საფრთხეები ყოველდღიურია. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, თუ ნახავთ საქართველოს კურსსა და საქართველოს მდგომარეობას, მაგალითებს ვერ მოგიყვანთ და ვერც პიროვნებებს დაგისახელებთ, მაგრამ ყველას შურს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის. ვისაც ვიცნობ, მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ნახევრად ხუმრობით, ნახევრად შურით და შექებით ამბობენ, ამას როგორ ვახერხებთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, არასდროს ყოფილა საქართველოს ურთიერთობები ასეთი ახლო ამერიკასთან, ამასთან, საქართველო ფასეულობებით ძალიან ახლოს არის ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან.
„ჩვენ დღეს გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო მთავარ პარტნიორად და მეგობრად – ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. გარწმუნებთ, არასდროს ჰქონია ჩვენს ქვეყანას ასე ახლო ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე, შეხედეთ ევროპის მიმართულებით: ვიზალიბერალიზაცია, სხვა დამოკიდებულებები, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ასე შემდეგ… ჩვენ უაღრესად ახლოს ვართ ფასეულობებით ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საქართველოს აქვს კარგი ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან, ასევე, ქვეყანა მაქსიმალურად უნდა ეცადოს დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა არა ტერიტორიების სანაცვლოდ.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მეზობლური ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან, ყველასთან დაბალანსებული. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ასევე მოვახერხოთ, რა თქმა უნდა, არა ჩვენი ტერიტორიების სანაცვლოდ, დავალაგოთ ჩვენს დიდ მეზობელთან და მაქსიმალური მცდელობა უნდა მივმართოთ ამ მიმართულებითაც“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, რასაც ქართულმა მხარემ არაერთხელ უპასუხა.
„ლუგარის ლაბორატორია და მსგავსი გამონათქვამები, რაც ახსენეთ, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. არავითარი ქიმიური თუ ბიოლოგიური ცდები, არაფერი მსგავსი არ ტარდება, ეს არის ცილისმწამებლური გამონათქვამები. საპირისპირო განცხადებები ჩვენი მხრიდან ბევრი გაკეთდა და ვფიქრობ, ეს საკითხები უკვე დავიწყებულია. ალბათ, ეს არის იმ დიდი პოლემიკის ნაწილი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.