ბიძინა ივანიშვილი - ჩემზე არანაკლები ქველმოქმედი და პატრიოტია დავით ხიდაშელი, რომელმაც გარეჯთან დაკავშირებული რუკები მოიპოვა, მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მადლობას უხდის ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელმაც საქართველოს გარეჯის საზღვრის შესახებ მოპოვებული დოკუმენტები გადასცა.
ივანიშვილის თქმით, გმირობის ტოლფასია, რაც დავით ხიდაშელმა ქვეყანას გაუკეთა.
„რახან ქველმოქმედებას შევეხეთ, ვისარგებლებ შემთხვევით და არ შემიძლია, მადლობა არ გადავაუხდო დავით ხიდაშელს. არ არის აუცილებელი, დიდი ფული და ძალისხმევა, ყველა ადამიანშია ქველმოქმედი. მოხუცებულს თუ გადაიყვან გადასასვლეზე, მიუხედავად იმისა, რომ გეჩქარება, ეს უკვე დიდ სიამოვნებას განიჭებს. მე ვიცი, როგორ მოიპოვა სხვადასხვა ქვეყნიდან რუკები დავით ხიდაშელმა, საკუთარი კაპიტალი საკმაოდ ბევრი დახარჯა და იმის გარდა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრს აკეთებს. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ მე რამე განსაკუთრებული გავაკეთე, ეს კაცი ჩემზე არანაკლები ქველმოქმედია, არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე.
მის ყველა ქმედებას გმირობად ვთვლი. რაც მან ქვეყანას გაუკეთა, მიმაჩნია, რომ არის ჭეშმარიტი გმირობა. ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა. ეს გააკეთა გულწრფელად, თავისი გონებით, შემართებით, თავისი რესურსებით. ჩემი აზრით, ის არის ჭეშმარიტი გმირი და ნამდვილი პატრიოტი. მივიჩნევ, რომ ვალი მიმყვება ამ კაცის. საჯაროდაც მინდა, საზოგადოებამ გაიგოს, რომ ის არის ჭეშმარიტად დიდი ადამიანი“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.