ბიძინა ივანიშვილი - ჩემი წასვლა შეიძლება აქ ბევრს ეწყინა, მაგრამ კარგად გაიგეს გარეთ, რომ არავის დაქირავებული არ ვარ, გარდა საკუთარი ხალხისა
ჩემი წასვლა შეიძლება აქ ბევრს ეწყინა, ბევრმა ვერ გააცნობიერა, მაგრამ კარგად გაიგეს გარეთ, რომ მე არავის დაქირავებული არ ვარ, გარდა საკუთარი ხალხისა და არავითარი სხვა სურვილები არ მაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„წარმოდგენაც არ გაქვთ, რა დონეზე ჰქონდა ფესვები „ნაციონალურ მოძრაობას“, რა დონეზე ჰყავდათ მოტყუებული ევროპელებიც და ამერიკელებიც, რა დონეზე ჰქონდათ გაფორმებული, რომ ეს არის საოცრად დემოკრატიული ხელისუფლება. და რა დაგჭირდა ჩვენ? ჩემი პრემიერობის პირველი ორი წელი, ძირითადი დრო მიდიოდა, პარტნიორები დამერწმუნებინა, რომ მე არ ვარ რაღაც. დღეს ჩვენ გვაქვს საოცარი მხარდაჭერა ევროპიდანაც და ამერიკიდანაც. არასდროს „ნაცებსაც“ არ ჰქონიათ ეს დამოკიდებულება რაც არის ახლა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ აღნიშნა, დღეს არც ევროპაში და არც ამერიკაში ეჭვი არავის ეპარება, რომ „ქართული ოცნება“ მთლიანად არის დაკომპლექტებული პროდასავლური იდეოლოგიით გაჟღენთილი წევრებით.
„ამას არ ეყოფოდა არც ჩემი პირველი წელი, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე, ამაში კვირიკაშვილსაც თავისი როლი აქვს ნათამაშები და შემთხვევით არაფერი მომხდარა. ყველა ნაბიჯი სწორად იყო გადადგმული. დღეს არვის ეჭვი არ ეპარება, არც ევროპაში და არც ამერიკაში, რომ „ქართული ოცნება“ მთლიანად არის დაკომპლექტებული პროდასავლური იდეოლოგიით გაჟღენთილი წევრებით. არავის ეჭვი არ აქვს დღეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის პოლიტიკურად დევნილი, მათი წევრებიდან ზოგი ციხეშია.
არავის არავისთვის არ შეუთავაზებია პოლიტიკური თავშესაფარი, თქვენ ვერც წარმოიდგენთ, ეს რა არის. რაც იყო და რაც მივიღეთ დღეს, ამას არ ეყოფოდა არც ერთი წელი, არც ორი, ამას დასჭირდა რამდენიმე წელიწადი, დღეს ეს რესურსი გაგვაჩნია. გარწმუნებთ და ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას, ამ რესურსს აქვს ძალიან დიდი ფასი, ეს ძალიან დიდი რესურსია. ახლა რაღა დარჩა, აი, შიგნით მობილიზება, რაც მე ძალიან კარგად ვიცი. ის იყო ძალიან რთული და დარწმუნებულიც არ ვიყავი, როგორ და რანაირად მიგვეღწია და მივაღწიეთ.
დამიჯერეთ, პასუხისმგებლობას ვიღებ, კიდევ ერთხელ ვახსენებ საზოგადოებას, რომ ჭეშმარიტად ხალხზე მორგებულს, მათზე მზრუნველ ხელისუფლებას დავეხმარები და ჩამოვაყალიბებ. შემიძლია სიამოვნებით ვთქვა, კარგი გუნდია, რაც აკლია, არ დასჭირდება ერთი წელიწადი, ძალიან სწრაფად მოვახერხებთ, რომ რაც გვინდა, მივიღოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.