ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკაში შემოსვლა ალბათ მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია
ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა ალბათ მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ „ანტრეპრენერთან“ (Entrepreneur Georgia) ინტერვიუში განაცხადა.
Entrepreneur Georgia ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს და საქველმოქმედო საქმიანობით დაინტერესდა.
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე ხორციელდება.
„რაც შეეხება ქველმოქმედებას, ამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა გენიალური რუსთაველის „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიას“ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. ეს ხედვა მე ათეული წლების წინ ჩამომიყალიბდა და დაახლოებით 15 წლის წინ, ქართულ პრესაშიც გამოქვეყნდა. ღრმად მწამდა და დღესაც მწამს, რომ ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე, თითქმის ანონიმურად ხორციელდება და სწორედ ამ პრინციპის ერთგულებით ვეწეოდი წლების განმავლობაში ამ საქმიანობას, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა არ შემოვიდა, რომელმაც შეიძლება ითქვას, თავდაყირა დააყენა ყველაფერი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, მაშინდელი ოპოზიციის ძალისხმევით საჯარო გახდა ის, რაც წლების განმავლობაში ამ მიმართულებით კეთდებოდა.
„თუმცა, ყალბი თავმდაბლობისა და კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა ალბათ მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ გარკვეული პერიოდულობით საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია საქველმოქმედო პროექტების შესახებ.