ბიძინა ივანიშვილი - ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია
ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდ-ნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა, – ასე პასუხობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვას – რა ფინანსურ რესურსს იტოვებს ის და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, შვილებს უტოვებს იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო.
„ეს მილიარდ-ნახევარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს, როდესაც თქვენს მიერ დასახელებული აქტივები გადავიდა ფონდის განკარგულებაში და ეს პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრძელდება. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდ-ნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეხვდნენ შვილები ამ გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ისინი სრულიად იზიარებენ მის მიდგომას და გადაწყვეტილებაც მათთან შეთანხმებით მიიღო.
„მიხარია, რომ ჩემი შვილები ამბიციური, შემოქმედებითი ადამიანები არიან და დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემგან დამოუკიდებლადაც დიდ წარმატებას მიაღწევენ. მთავარი, რაც მათ მივეცი, კარგი განათლებაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არჩევანის სრული თავისუფლება. გვსურდა, თავად შეერჩიათ მომავალი საქმიანობის სფერო, რადგან წარმატებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, გულით გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ემსახურები. ჭარბ ფულზე კი ჩემს დამოკიდებულებას ისინიც იზიარებენ და ანალოგიურად ფიქრობენ. სხვათა შორის, ჭარბი ფულის ჭარბ წონასთან შედარების პასაჟიც ამოიღო თქვენს მიერ ნახსენები ინტერვიუდან „ვედომოსტმა“ და არც „ფორბსმა“ დაბეჭდა ეს აქცენტი, რომელსაც იმავე 2005 წელს მივეცი მოკლე ინტერვიუ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა ამავე ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ მან და მისმა მეუღლემ მიიღეს გადაწყვეტილება, უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაეცათ საქველმოქმედი ფონდისთვის.