ბიძინა ივანიშვილი - ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც გამიკეთებია, არის პოლიტიკაში მოსვლა
ვფიქრობ, ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც გამიკეთებია, არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, პოლიტიკაში მოსვლით იმ დროს საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე სასწორზე დადო.
ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში უპასუხა კითხვას: „ქველმოქმედების ბოლო აქტი, რაც ჩვენთვის ცნობილია, იყო დეკემბრის ბოლოს, როდესაც თქვენი ქონების საკმაოდ დიდი ნაწილი გადაეცა „ქართუ“ ფონდს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილს ვეღარ ვნახავთ, როგორც ქველმოქმედს. ვგულისხმობ იმას, რომ თქვენ ქველმოქმედის უფრო დიდი სტაჟი გაქვთ, ვიდრე პოლიტიკოსის. თუ მთელ ქონებას აძლევთ, ამიტომ „ქართუ“ ფონდის მართვაშიც აღარ ჩაერევით, რა მდგომარეობა იქნება?“.
„ალბათ იმავე ამპლუაში დავბრუნდები. თავს უფლებას მივცემ, ფინანსურ თემებზე, რომელიც გარკვეულ უხერხულობას იწვევს, ასე საჯაროდ არ ვისაუბრო, მაგრამ პოლიტიკური ქველმოქმედების ნაწილზე კი შევჩერდები. აქაც ჩემი გუნდის წევრებს შევახსენებდი – როდესაც გუნდის რომელიმე წევრს ოპონენტები ეუბნებიან, რომ ივანიშვილმა დაანგრია ქვეყანა, გადაწვა საქართველო, ამ დროს იშველიებენ ხოლმე პასუხად – სამაგიეროდ, აგერ, ეკლესია ააშენა, ფული დახარჯა. ეს ძალიან არ მომწონს. ეს არ არის დაცვა, პირიქით, ეს დათვური სამსახურია. აქაც შევახსნებედი გუნდის წევრებს – არაფერი არ სჭირს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას საიმისო, რომ სხვა მეთოდებით დამიცვან, იგივე ქველმოქმედებით, ფინანსური დანახარჯებით. პირიქით, საგაზეთო ინტერვიუშიც ვთქვი, რომ, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც გამიკეთებია, არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა, არა ზედმეტი დაგროვილი ფულის ხარჯვა, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკი დავდე სასწორზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.