ბიძინა ივანიშვილი - აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ისევ თავისუფლების მოედანზე ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას და ვიტყვით, მიზანს მივაღწიეთ
საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში, მე ამის მწამს და მტკიცედ მჯერა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა – ის ფასეულობებია, რაზეც დგას ევროპა და რაც ასე ღრმად არის გამჯდარი ქართულ სულში.
„მე მჯერა, რადგან ვხედავ, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია – ერი და ბერი, ერთიანი და მტკიცეა ამ არჩევანში. მჯერა, რადგან ვიცი და ვხედავ, რას ეფუძნება ევროპული ცივილიზაცია. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა – ის ფასეულობებია, რაზეც დგას ევროპა და რაც ასე ღრმად არის გამჯდარი ქართულ სულში. სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებები აქცევს საქართველოს ევროპის ბუნებრივ ნაწილად. იყო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საქართველოს შვილი, ანუ იყო ქართველი, ნიშნავს – მღეროდე მრავალჟამიერს, ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე ვეფხისტყაოსანს; იყო ქართველი – ნიშნავს უძღვებოდე ქართულ სუფრას, შენს თავში ატარებდე ვაჟა-ფშაველას; ამიტომ, ნურაფრის შეგეშინდებათ, ჩვენ ტკივილი ვერ მოგვერევა და ვერც ერთი მტერი ვერასდროს დაგვამარცხებს. რადგან საქართველო უკვდავია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, უკვდავია საქართველოს კულტურა, მისი დაუდგრომელი სული, რომელიც მუდამ ისწრაფვოდა და ისწრაფვის თავისი ევროპული ოჯახისკენ.
„დღეს, როდესაც დიდი ისტორიის ფესვებზე მდგომებს, მოპოვებული გვაქვს თავისუფლება, როდესაც, ზოგიერთი ხანდახან ირონიულადაც იხსენებს ჩემს სიტყვებს, რომ გასაოცარ დემოკრატიას შევქმნიდით – რეალურად, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში, რომლის მიღწევაც არა ძალადობრივი გზით და უცხოს თავზე მოხვევით, არამედ ჩვენს ფასეულობებზე დაყრდნობით შევძელით. სწორედ ასეთი მიდგომით მივაღწიეთ ჩვენ, ევროპასთან ასოცირებას და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას; სწორედ ასეთი მიდგომებით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების უფლება; სწორედ ევროპული არჩევანისადმი საქმით ერთგულებამ მოგვიტანა სულ ახლახან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო, ორპარტიული მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ, ისევ აქ, ამ სიმბოლურ ადგილას, თავისუფლების მოედანზე, ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას და ყველა ერთად ვიტყვით – ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მიზანს მივაღწიეთ. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა, პირველ რიგში, ზომიერებაა – თავისუფლების და პასუხისმგებლობის იდეალური ბალანსი, იდეალური კვეთა. სამწუხაროდ, ევროპულ სივრცეში დაბრუნება დაბალი ნიშნულიდან იმიტომაც გვიწვეს, რომ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე თავისუფლების სურნელთ გაბრუებულებმა, პასუხისმგებლობა სრულად ვერ გავაცნობიერეთ და პრაქტიკულად დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.