ბიძინა ივანიშვილი - არც ვაშინგტონიდან და არც ევროპიდან არავის აქვს კითხვა 20 ივნისს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე
ბიძინა ივანიშვილი - არც ვაშინგტონიდან და არც ევროპიდან არავის აქვს კითხვა 20 ივნისს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე

არც ვაშინგტონიდან და არც ევროპიდან არავის აქვს კითხვა 20 ივნისს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.

„20 ივნისიდან მოყოლებული, ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დამქაშები – „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, რომლებიც ასოცირდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პირველივე დღიდან დაჟინებით ითხოვდნენ, რომ უნდა გადადგეს გიორგი გახარია. ერთ-ერთი მოთხოვნა ეს ჰქონდათ. არც ვაშინგტონიდან, არც ევროპიდან, ვინც ნახა ეს კადრები, არავის კითხვა არ ებადება ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. როდესაც მეორე დღესვე ითხოვენ ამას, აქ ყველაფერი იკვეთება. ძალა ლეგიტიმურად იყო გამოყენებული. შესაბამისად, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის.  შევხვდი ევროპელებს, ელჩებს, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია. ის კადრები, რაც ნახეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა არავის უჩნდება. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.