ბიძინა ივანიშვილი - არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს
არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს, ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
„რყევებით სავსე ეპოქაში საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში, რა თქმა უნდა, საქართველოც დგება ახალი გამოწვევებისა და საკითხების ახლებურად გააზრების საჭიროების წინაშე.
„დღევანდელი რეალობა სულ სხვა დღის წესრიგს, სხვა მოთხოვნებს გვიყენებს. გამოწვევები მართლაც ბევრია – საშინაო თუ საგარეო, რომლებსაც ქვეყანა მზად უნდა დახვდეს“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.