ბიძინა ივანიშვილი -არასამთავრობოთა ნაწილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, რომელიც შეფარულად შევიდა სამოქალაქო საზოგადოებაში
ბიძინა ივანიშვილი -არასამთავრობოთა ნაწილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, რომელიც შეფარულად შევიდა სამოქალაქო საზოგადოებაში

ეკა გიგაური არ არის სამოქალაქო საზოგადოების ეტალონი და საუკეთესო წარმომადგენელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა TV პირველის, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიგაურმა სასამართლოში სარჩელი თავად შეიტანა, სხდომებს არ ესწრება.

„კი ჩივის, მაგრამ უმტკიცებენ სხვა რამეს, რომ ის კაპიტანიც იყო, 7 ნოემბერშიც მონაწილეობდა და სასამართლოში უკვე რამდენჯერმე არ გამოცხადდა. ეკა გიგაური არ არის ეტალონი და სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენელი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი თავადაც იყო, ამიტომ არ დასჭირდება მტკიცება, რომ სამოქალაქო საზოგადოების როლი იცის.

„როდესაც პოლიტიკიდან წავედი, ჩამოვაყალიბე საზოგადოება, რომელსაც დავარქვი „მოქალაქე“. მაქსიმალურად ვცდილობდი, სამოქალაქო საზოგადოებას დავხმარებოდი, რომ მათ მეტი გავლენა ჰქონოდათ საზოგადოებაში და მეტად გაეძლიერებინათ საკუთარი პოზიციები. 

სკოლებშივე გვინდოდა, მოსწავლეებისთვის ეს თვისებები ჩაგვენერგა, რომ ისინი აქტიური მოქალაქეები ყოფილიყვნენ. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ სამოქალაქო საზოგადოების როლი არ ვიცი, ალბათ არ დამჭირდება. ძალიან კარგად მესმის და აუცილებელია, რომ თითოეული მოქალაქე და სამოქალაქო საზოგადოება იყოს ძალიან აქტიური, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვაზე, რას ფიქრობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებებზე, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ კარგად იცის სამოქალაქო საზოგადოების ფასი.

მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, რომლის აქტივსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წარმოადგენენ, თავს ესხმიან დღევანდელ ხელისუფლებას და ასევე სალომე ზურაბიშვილს.

„ეს არის ენმ-ის აქტივი, რომელიც შეფარულად შევიდა სამოქალაქო საზოგადოებაში. საკმარისია მათ ვინმემ პასუხი გასცეს, მაშინვე თავს ესხმიან. ისინი ისეთივე აქტიურები არიან და ისეთივე პოზიცია აქვთ, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას გამონათქვამებს და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებებს, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, უკეთესი იქნებოდა, შეფასებისას ირაკლი კობახიძეს სიტყვა ფაშიზმი არ გამოეყენებინა, თუმცა ტერმინები აბსოლუტურად ესატყვისებოდა ნიკა გვარამიას სამარცხვინო ქმედებასა და გამონათქვამებს.