ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამერიკული თანხებით დაფინანსებული ორგანიზაციების საქართველოში საქმიანობის თაობაზე აშშ-ის ხელისუფლებას ღია წერილით მიმართოს
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს, სენატსა და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამერიკული თანხებით დაფინანსებული ორგანიზაციების საქართველოში საქმიანობის თაობაზე ღია წერილით მიმართოს.
ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში – „SWOT ანალიზი“ განაცხადა, საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას.
მისი თქმით, გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც ამერიკული ფულით ფინანსდებიან, აშშ-ის სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებენ, ასევე ზარალდება საქართველო-ამერიკის ურთიერთობები.
„მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, სენატს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნათ, რა ხდება აქ, როგორ ხდება ის, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის ინტერესებს აზარალებენ. რა თქმა უნდა, ნურავის ექნება ეიფორია და მეც არ დავიბრალებ, რომ ამერიკაზე ზრუნვით მისკდება თავი მაინცდამაინც. ამერიკა ზესახელმწიფოა და უჩემოდაც ძალიან კარგად ართმევს თავს თავის განვითარებას. რა თქმა უნდა, საქართველოა ჩვენთვის საფუძველი. საქართველო და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ზარალდება ამ შემთხვევაში, მაგრამ მე კონკრეტულად მივწერ, აღარ ვიტყვი, რომ საქართველო ზარალდება ან საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები ზარალდება მათი ქცევით. არა, პირდაპირ ამერიკის ინტერესები, ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებენ ცალკეული ჩინოვნიკები, როდესაც ამერიკული ორგანიზაციების, ამერიკელი ამომრჩევლის მიერ დაფინანსებული ფულით, აბსოლუტურად ამერიკის სახელმწიფოს საპირისპირო პოლიტიკას ატარებენ, საპირისპიროა, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ყველასთვის გასაგებია დღეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი არ ადარდებს ამერიკის სახელმწიფოს.
როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს სტრატეგია არის პატარა პარტნიორი, მაგრამ გულწრფელი.
„ჩვენი გუნდი განუხრელად იცავს ამერიკულ ინტერესებს და ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანენ, რომ „ქართული ოცნების“ ვიღაც წევრი რაღაც ამის საწინააღმდეგოს აკეთებს, შეიძლება, პატარა, პატარა მნიშვნელობის, მაგრამ ჩვენ განუხრელად და გულწრფელად ვატარებთ და ვიცავთ ამერიკულ ინტერესებს. ამ ფონზე ამერიკის სახელმწიფოს საპირისპიროს აკეთებს ეს „ენჯეოები“, რომელიც კარგად გაგებულია და მსგავსი კვლევები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, შესაძლოა, ამ საკითხზე ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს საჯაროდ მიმართოს.
„მე არ გამოვრიცხავ, რომ თუ კიდევ რაღაც დროში ვერ მოხერხდა ამაზე რეაქციის მიღება, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებენ, არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს ან სენატს, ან ორივეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ასეთი სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.