პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქართველ მომღერალს, ლოტბარსა და კომპოზიტორს, ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს.
„გულწრფელი პატივისცემითა და დიდი სიყვარულით ვულოცავ იუბილეს გამორჩეულ კაცს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, რომელსაც განგებამ ადამიანისთვის ყველაზე სანუკვარი მისია – ერის სამსახურში დგომა განუსაზღვრა და რომელმაც რვა ათეული წელია, ამ ტვირთის ზიდვის პასუხისმგებლობა იკისრა.
ანზორ ერქომაიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს ნამდვილ საგანძურს – უნიკალურ ქართულ ფოლკლორს, ეროვნულ პოლიფონიას, რომელიც ვაზთან, ნინოს ჯვართან და ქართულ ღვინოსთან ერთად, ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია.
დღეს მრავალხმიან ქართულ ხალხურ სიმღერას სულ უფრო მეტი მსმენელი და დამფასებელი რომ ჰყავს მთელს მსოფლიოში, ჩვენ რომ შეგვიძლია საგულდაგულოდ მოძიებული და შეგროვებული საგანძური მომავალ თაობებს გადავცეთ, ეს ბატონი ანზორის განუზომელი თავდადებისა და ერთგულების დამსახურებაა.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველასთვის საამაყო ქართველს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილეს. ვუსურვებ მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს!“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მილოცვის ტექსტში.