ბიძინა ივანიშვილი - ანზორ ერქომაიშვილი ღირსების, სამშობლოს სიყვარულის ეტალონია, რომელიც ათწლეულები ემსახურება ქართულ კულტურას და კიდევ ბევრს გააკეთებს
ანზორ ერქომაიშვილი ზნეობრიობის, ღირსების, ბედნიერების, სამშობლოს სიყვარულის ეტალონია, რომელიც ათწლეულები ემსახურება ქართულ კულტურას, ბედნიერი ვარ, რომ მას ვიცნობ ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ფონდი „ქართუს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაციისას განაცხადა.
მან ანზორ ერქომაიშვილს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ისტორიული ნაშრომის გამოცემაში, მადლობა გადაუხადა.
„გადაჭარბების გარეშე შეიძლება, ვთქვათ, რომ ქართული კულტურის ისტორიაში დღეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა, რადგან ჩვენ მოწმენი ვართ უნიკალური გამოცემის. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ასეთი უნიკალური კულტურის ისტორიის გამომხატველი სახელმძღვანელოს გამოცემაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ქალბატონ ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს. სწორედ მისი და მისი მეუღლის წინადადება იყო, ასეთი ნაშრომი გამოცემულიყო და მსოფლიოს ენახა ჭეშმარიტად ქართული კულტურის ისტორია, მისი ეთნოგრაფია, რომელიც არის უმდიდრესი და უნიკალური მსოფლიო კულუტურის ნაწილი. რა თქმა უნდა, ყველას, ვინც 10 წლის განმავლობაში ასე უხმაუროდ, სამშობლოს სიყვარულით ამ დიდ შრომას ახერხებდა (საბოლოო ჯამში გამოცემა მთელმა მსოფლიომ იხილა, ის დაურიგდა ყველა ბიბლიოთეკას, კულტურის ცენტრებს მსოფლიოში) მინდა, მადლობა გადავუხადო.
მოგეხსენებათ, ის ინგლისურენოვანია და შეიძლება, იყოს უნიკალური წიგნი, გამოცემა, რომლის მსგავსი შესაძლოა, ისტორიაში არ ყოფილა – ინგლისურენოვანი, რომელიც მსოფლიოს ასე დაწვრილებით აცნობს ჩვენი მდიდარი კულუტრის ისტორიას. იდეის ავტორი, ბატონი ანზორი ჩემთვის არის ზნეობრიობის, ღირსების, სამშობლოს სიყვარულის ეტალონი, რომელიც ათწლეულები ემსახურება ქართულ კულტურას, აღადგენს, ამდიდრებს, აცნობს, გამოსცემს და აგრძელებს მას. ბატონი ანზორი, მისი წინაპრები უწყვეტად ემსახურებიან ქართულ კულტურას, ისინი ოქროს ასოებით ჩაიწერებიან ქართული კულტურის ისტორიაში. ბატონი ანზორი ჩემთვის ეტალონია ბედნიერების იმ მხრივ, რომ მან თავის საყვარელ საქმეს შეალია ათწლეულები და სიყვარულით აკეთა ის, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა და რაც მთავარია, ის, რაც უნიკალურია ყველასთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან საყვარელია. ბედნიერია ეს ადამიანი, რომ თავის და ხალხის საყვარელ საქმეს შეალია ათწლეულები და კიდევ ბევრს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის კულუტურის განვითარებისთვის.
შემთხვევითი არაფერია იმაში, რომ საქართველო ღვინის და ამავდროულად პოლიფონიის სამშობლოა, ეს კარგად აისახება ქართველი კაცის ხასიათში. ჩემი აზრით, ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ ორ შედევრზე დგას, რომელსაც ეწოდება ქართული სუფრა და მისი წესი, თავისი თამადით. ვფიქრობ, ყოფითი ცხოვრების ყველაზე დიდი შენაძენი სიყვარული, ბედნიერებაა და ქართული სუფრა არის ფოიერვერკი სწორედ სიყვარულისა და ბედნიერების.
ყველაზე წარუმატებელი კაცი ჰპოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე, აუცილებლად ხდება ბედნიერი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ბატონი ანზორი გახლავთ ეტალონი ზნეობრიობის, ღირსების, სიყვარულის, ბედნიერების, მე ბედნიერი ვარ, რომ მას ვიცნობ და მასთან ვმეგობრობ“ ,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ – უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც წარმოადგენს კვლევას ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ნაშრომის მესამე ტომი აერთიანებს 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს.
წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის NOVA SCIENCE-ის პრეზიდენტს, ფრენკ კოლუმბუსს და მის მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნით. მათ 2010 წელს ამ იდეის განხორციელება სთხოვეს ეთნომუსიკოსს და ლოტბარს ანზორ ერქომაიშვილს და გამოცემის ხარჯი თავად უზრუნველყვეს. პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილმა.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ფინანსურად უზრუნველყო პროექტის მომზადება, რაც გულისხმობდა საძიებო სამუშაოების შესრულებას, ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალის აღდგენა-გასუფთავებას, ორიგინალური მასალების დამზადებას, ნაშრომების შექმნას, რედაქტირებას, ინგლისურ ენაზე თარგმნას და სხვ.