ბიძინა ივანიშვილი - აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი, პირობას გაძლევთ, ქართული ნიურნბერგის პროცესი მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა
26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.
მისი თქმით, დღეს კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.
ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ, რომ მკაფიოდ დააფიქსირონ საკუთარი აზრი.
„პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიურნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.
26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული პატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება. საქართველოს გულში მცხოვრებო ჩემო თანამოქალაქეებო, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა მოვიხადოთ ვალი ჩვენი სამშობლოს წინაშე, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი მიზანი არა წარსულში დაბრუნება, უსიტყვო მორჩილება და ომი, არამედ მომავლის შენება და განვითარებაა! მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი დაწყებული გზა ოს ხალხთან შერიგებით გავაგრძელოთ და ყველა ერთად გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები – მხოლოდ მშვიდობითა და კეთილდღეობით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.