ბიძინა ივანიშვილი - აღარ ვაშორებ ერთმანეთს, „ევროპული საქართველო“ იქნება თუ „ლეიბორისტული პარტია“, „ნაციონალურ მოძრაობად“ მოვიხსენიებ ყველას, რადგან ერთ გუნდში თამაშობენ
ბიძინა ივანიშვილი - აღარ ვაშორებ ერთმანეთს, „ევროპული საქართველო“ იქნება თუ „ლეიბორისტული პარტია“, „ნაციონალურ მოძრაობად“ მოვიხსენიებ ყველას, რადგან ერთ გუნდში თამაშობენ

აღარ ვაშორებ ერთმანეთს, „ევროპული საქართველო“ იქნება თუ „ლეიბორისტული პარტია“, „ნაციონალურ მოძრაობად“ მოვიხსენიებ ყველას, რადგან ერთ გუნდში თამაშობენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„აბსოლუტური უმრავლესობა ერთი-ორი ადამიანის გარდა, იქ გაკოტრებული პოლიტიკოსები არიან. იდეოლოგია აღარ ჩანს, რა უნდათ, არ ისმის, თითქმის ძალადობა წამოვიდა წინა პლანზე, თანაც არჩევნებიც არ უნდათ, ისე იკვეთება. სიტყვებს რომ დააკვირდები და რიტორიკას, ერთმანეთში ვერ ათავსებენ. ზოგადად, როდესაც პოლიტიკურ სპექტრს ვახასიათებთ და როდესაც ვხედავთ, რომ ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებს. ცხრა წელიწადი იყვნენ, რაც გააკეთეს მართვაში, ვნახეთ. ოპონენტები, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ანასხლეტები, ერთად მოვიხსენიებ ამათ ყველას, თუგინდ, თავისივე ენჯეობით, რომლებიც მათგანვე იმართება. აბა ნახეთ, როგორი პრობლემაა ეს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ზოგიერთი ყოფილი თანაგუნდელიც კი მას ადანაშაულებს – „ნაციონალურ მოძრაობას“ აცოცხლებს, რადგან მას სჭირდებაო.

„აბა, ამისი ანალიზის გაკეთება ნახეთ, რამდენად მარტივია. ჩვენ ხომ ღარიბი ქვეყანა ვართ და სულ ვსაუბრობთ, რომ გვაქვს ღარიბი ეკონომიკა და რატომღაც ჰგონიათ და ეგონათ, რომ ეკონომიკა არა გვაქვს, მაგრამ პოლიტიკური ლიდერების გაყიდვა რომ შეიძლებოდეს, ქართველები მილიარდერები გავხდებოდითო, არადა ამ დროს ყველაფერი თანხვედრაშია, როგორც ეკონომიკურად ვართ ღარიბები, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სპექტრია ძალიან მწირი და ძალიან ღარიბი. პირდაპირ დრამატულია ის, რომ შვიდი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, მოვიდა „ქართული ოცნება“, ერთი ძალა, რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი, თუ გნებავთ დაფინანსება, მე მიმიძღვის. რა თქმა უნდა, ფინანსები, ეკონომიკა და პოლიტიკა ამ შემთხვევაში პირდაპირ თანხვედრაშია. პოლიტიკური პარტია საჭიროებს ფინანსებს. აქ არის ძაღლის თავი დამარხული, რომ ღარიბ ქვეყანაში რთულია რამდენიმე ძლიერი პარტიის არსებობა, რომელიც ფინანსებს საჭიროებს და რა ხდება, ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ლომის წილი მე მქონდა და მაქვს, ვეხმარები მაქსიმალურად და მეორე ვინ არის – ისევ „ნაციონალური მოძრაობა“, საიდან ფული? რა თქმა უნდა, ქვეყნის ნაძარცვი ფული, ცხრა წლის განმავლობაში, რაც ძარცვეს, ის შენარჩენი, ერთი და იგივე ხალხი და დაჟინებით ითხოვენ, ჩვენ უნდა მოვიდეთ. ცხრა წელიწადი თუკი რამის გაფუჭება შეიძლებოდა, ყველაფერი გააფუჭეს, ყველაფერი დაანგრიეს, უამრავი ციხეშია, პრეზიდენტი დევნილი, პრემიერ-მინისტრი ციხეში, შინაგან საქმეთა მინისტრი ციხეში, მთავარი პროკურორი დევნაში და ამ ფონზე არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს „ქართული ოცნების“ დემოკრატიულობას. მე აღარ ვაშორებ ერთმანეთს „ევროპული საქართველო“ იქნება, თუ „ლეიბორისტული პარტია“, ერთ გუნდში თამაშობენ და ერთ თამაშს თამაშობენ, თუ ყოფილი თუ ახლანდელი, მე „ნაციონალურ მოძრაობად“ მოვიხსენიებ, რომ მაყურებელმა კარგად გაიგოს ყველაზე“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.