ბიძინა ივანიშვილი აჭარის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
შეხვედრას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის ვიცე სპიკერი, პოლიტსაბჭოს წევრი ილია ნაკაშიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივი ესწრებოდნენ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე. პარტიის თავმჯდომარე უკვე შეხვდა გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის რეგიონის საოლქო ორგანიზაციებს. შეხვედრები პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გრძელდება.