ბიძინა ივანიშვილი - 26 ოქტომბერს საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას, ვალდებული ვართ, მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ
26 ოქტომბერს საქართველოს ყოფნა – არ ყოფნის საკითხი დგას, ვალდებული ვართ, მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ, ამიტომაც, კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ. ჩვენი ერთადერთი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა საქართველოს ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და „არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა.“
„მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ: ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს; იმისთვის, რომ საქართველოს – ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“; იმისთვის, რომ ერთად ავისრულოთ დიდი ხნის ნატვრა და მშვიდობის გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზე, კვლავაც გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო; იმისთვის, რომ სამუდამოდ დავასრულოთ ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის შეურაცხყოფის და დაკნინების მუდმივი მცდელობები და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით, კონსტიტუციაში ავსახოთ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის როლი! ასე რომ, 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა – არ ყოფნის საკითხი დგას! უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ, ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ! ჩვენი ერთადერთი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!“ – ნათქვამია განცხადებაში.