ბიძინა ივანიშვილი - 26 ოქტომბერს დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას
ბიძინა ივანიშვილი - 26 ოქტომბერს დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას

2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რომ უცხოელ თუ ადგილობრივ არაკეთილმოსურნეთა და რადიკალთა მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამ რთული გზის ბოლოს, როდესაც ქვეყანა თითქმის უკვე სამშვიდობოზეა, ბრძოლის მთავარი ხაზი არჩევნებზე გადის, რადგან საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება.

„დღეს, ამ რთული გზის ბოლოს, როდესაც ქვეყანა თითქმის გავიყვანეთ სამშვიდობოს, ბრძოლის მთავარი ხაზი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადის. უფრო მარტივად რომ გითხრათ, 26 ოქტომბერს დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას. თუკი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რაშიც არა მხოლოდ მე, არამედ მთელი საქართველო, მათ შორის, ჩვენი ოპონენტებიც დარწმუნებულები არიან, არა მხოლოდ მშვიდობას შევინარჩუნებთ და ქვეყანას გადავარჩენთ, არამედ გავიმარჯვებთ, რადგან წინ განვითარების და აღმშენებლობის წლები და ევროკავშირში ინტეგრაცია გველის“, – განაცხადა ივანიშვილმა.