ბიძინა ივანიშვილი - 26 ოქტომბერს არჩევანი მარტივია, ან კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, სადაც თავმოყრილნი არიან უსამშობლო მოღალატეები, ან „ქართული ოცნება“, ეროვნული პოლიტიკური ძალა
26 ოქტომბერს მოსახლეობას მარტივი არჩევანი აქვს, ან კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, სადაც თავმოყრილნი არიან უსამშობლო მოღალატეები, ან „ქართული ოცნება“, ეროვნული პოლიტიკური ძალა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც არჩევნებზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და „ქართულ ოცნებას“ დავუჭიროს მხარი, არის ის, რომ რეგიონში და, მთლიანად, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაჩნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა.
„თავადაც კარგად იცით, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოსთვის სასარგებლო თითოეულ საქმეს ეწინააღმდეგება, ყველაზე დიდ აგრესიას კი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთმიტევების გზით აღდგენის წინააღმდეგ გამოხატავენ.ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი – ან კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, სადაც თავმოყრილნი არიან უსამშობლო მოღალატეები, რომლებმაც საკუთარი თავი ომის, არეულობის, ძალადობის, ტყუილისა და უცხო ინტერესების მორჩილების სიმბოლოდ აქციეს, ან „ქართული ოცნება“, ეროვნული პოლიტიკური ძალა, რომელიც წლებია, ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და არის კეთილდღეობის, სტაბილურობის და ღირსეული ევროპული მომავლის გარანტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.