ბიძინა ივანიშვილი - 2021 წელს ჩვენი მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, რაც ევროპის მასშტაბითაც კი, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ასეულობით მილიონი ლარი მოხმარდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, რამაც ჯამში 3 300 კილომეტრზე მეტი შეადგინა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ საუკეთესო შედეგები აქვს მოსახლეობის წყალმომარაგებისა თუ ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მიმართულებით.
„2021 წელს ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, რაც ევროპის მასშტაბითაც კი, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ზოგადად, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ჩვენ მიერ რვა წლის მანძილზე გაწეული ხარჯი, ექვსი მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს და ორჯერ აღემატება წინა ხელისუფლების ცხრაწლიან პერიოდში გაწეულ ხარჯს. წინა ხელისუფლებამ, ცხრა წლის განმავლობაში, სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი დააგო. ჩვენ კი, მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე 70 კილომეტრამდე ჩქაროსნულ მაგისტრალურ გზას გავხსნით. შედეგად, 2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ჯამურად, 200 კილომეტრს, ანუ ორმაგი ბიუჯეტით თითქმის სამჯერ მეტს ვაკეთებთ. კარგად დაუკვირდით ამ რიცხვებს – საქმე მხოლოდ ინვესტიციის მასშტაბებში და დაგებული გზების რაოდენობაში როდია. პროგრესი აქ იმდენად თვალსაჩინოა, რომ ზედმეტ კომენტარს არც საჭიროებს, მაგრამ ელემენტარული არითმეტიკა იმასაც ხომ ცხადყოფს, რომ როცა ბიუჯეტის ნახევრით, მხოლოდ იმის მესამედ საქმეს აკეთებ, რაც შესაძლებელი ყოფილა, დანარჩენი ფული უბრალოდ მოპარულია“,- განაცხადა ივანიშვილმა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, „არავისთვის უცხო არ არის, რომ სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების მილიარდიანი ბიუჯეტები წარმოადგენდა რეჟიმის მიერ შექმნილი ელიტარული კორუფციის ერთ-ერთ ძირითად წყაროს“.
„ეს რომ ლიტონი სიტყვები ან სუბიექტური შეფასება არ არის, ამას შესაბამისი საერთაშორისო რეიტინგები ცხადყოფს. კერძოდ: მსოფლიო ბანკის მიერ 2012 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევაში, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, საქართველო, მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის, 62-ე ადგილზე იყო, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ იმავე წლის დეკემბრამდე გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის“ 2011 წლის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში 64-ე პოზიცია გვეკავა; 2012 წელს, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის თანახმად ,„კორუფციისგან თავისუფლების“ მიხედვით, (რომელიც მოგვიანებით „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსად გარდაიქმნა), ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 69-ე ადგილს იკავებდა. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და დღეს, საქართველო ამავე რეიტინგებში, „მთავრობის კეთილსინდისიერებით“ მსოფლიოში 31-ე პოზიციაზეა, „კორუფციის კონტროლით“, მსოფლიო ბანკის წევრთა შორის, 41-ე ადგილზეა, თანაც, ამ ორივე ინდიკატორით ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს კიდეც ევროკავშირის 13 სახელმწიფოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის“ ინდექსის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა. იმავდროულად, 2020 წლის „ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-12 პოზიციაზეა. სულ ორიოდე დღის წინ, 29 სექტემბერს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ მიხედვით, საქართველომ „მმართველობის ეფექტიანობით“ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და ევროკავშირის წევრ რვა ქვეყანას გადაასწრო. ყველაფერი ამის არდანახვა, მხოლოდ ბრმას ან მხოლოდ მოძალადე რეჟიმს შეუძლია“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.