2008 წელს არჩევნების წინ შეცვალეს საარჩევნო სისტემა, მაგრამ პროპორციულის სასარგებლოდ კი არა, სწორედ რომ მაჟორიტარულის სასარგებლოდ, ეს ხალხი დღეს როგორ იღებს ხმას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა.
„ისეთი არაფერი დრამატულიც არ მომხდარა, თუ პრაგმატულად შევაფასებთ. მით უმეტეს იმის ტოლფასი არაფერი მომხდარა, რომ დღეს ისევ გამოდიან ქუჩაში ეს ქუჩის ოპოზიცია, ამას აღწერენ, რომ საშინელება მოვახდინეთ და ითხოვენ სამართლიან არჩევნებს – სამართლიანი არჩევნები გვინდა. ცხრა წელიწადი ხელისუფლებაში იყვნენ, ე.ი. უსამართლოდ ატარებდნენ სულ?! ან უფრო ადრე ვინც იყვნენ, სულ უფრო ადრე, ატარებდნენ? ეს სისტემა დემოკრატიულობით არ განსხვავდება პროპორციული სისტემისგან. არიან უფრო განვითარებული სახელმწიფოები და ზესახელმწიფოები თუ გნებავთ, რომლებსაც მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა აქვთ და ამით სარგებლობენ. შესაბამისად, პრივილეგიები აქ არ არსებობს, რომელი უკეთესია და რომელი უფრო დემოკრატიულია, მაგრამ მათივე განცხადებები რომ ნახოთ, იქვე იშიფრებიან. აბა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას რომ ამბობს, ცხრა წლის განმავლობაში მართავდნენ და დღეს გამოდიან – სამართლიანი არჩევნები გვინდაო და ნაბიჯ-ნაბიჯ ნახეთ, თუ როგორ იქცეოდნენ თვითონ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები კონსტიტუციაში ასახა 2005 წელს.
„შევარდნაძისდროინდელ კონსტიტუციაში რაოდენობა შეამცირეს, მაგრამ პროპორციები დატოვეს. სადღაც ორი მესამედი პროპორციულად აირჩეოდნენ დეპუტატები, ერთი მესამედი მაჟორიტარების სასარგებლოდ იყო. 2008 წელს არჩევნების წინ შეცვალეს ეს, მაგრამ პროპორციულის სასარგებლოდ კი არა, სწორედ რომ მაჟორიტარულის სასარგებლოდ შეცვალეს და ეს ხალხი დღეს როგორ იღებს ხმას. 2010 წელს მათი ბელადი გამოვიდა და თქვა იმ ენჯეოებთან, რომლებიც დღეს გვერდს უმშვენებენ მათ ქუჩაში, უსირცხვილოდ იმავეს იმეორებენ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, იმ ენჯეოებთან ერთად კატეგორიულად განაცხადა, მაჟორიტარულ სისტემაზე საუბარი არ შედგება და ჩაკეტა, მაჟორიტარულ სისტემას არ შეეხოთ, სხვაზე რაზეც გინდათ, ვისაუბროთო. აი, ეს ხალხი დღეს გამოდის, ესენი ითხოვენ ჩვენგან პასუხს. რაც მთავარია, მათთან ჩვენ პასუხები გასაცემი არ გვაქვს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველასთან შეუძლია საუბარი და საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, პასუხი აქვს გასაცემი.
„ის, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ, ამისთვის არსებობს არჩევნები და არჩევნების პროცესი დაწყებულია უკვე. ამათ შეუძლიათ, ასწიონ ეს თემა, შეახსენონ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, მართალია ცალმხრივი, დავპირდით, ვერ შევასრულეთ, თუ არ შევასრულეთ – როგორი ინტერპრეტაციითაც უნდათ, ისე მიაწოდონ და ამომრჩეველს შეუძლია, ჩვენ დაგვსაჯოს, მაგრამ ესენი ვინ არიან, ქუჩაში რომ დგანან დღეს და ამას ითხოვენ. ამ ხალხს შუბლის ძარღვი რომ გაწყვეტილი აქვთ, დიდი ხანია, გასაგებია, მაგრამ ამ ხალხს ელემენტარული ლოგიკა აქვს დაკარგული. რა უფლებით ითხოვენ ესენი ჩვენგან რაღაცის შესრულებას და მით უმეტეს ამ სისტემაზე გადასვლას. ნახეთ, კონსტიტუცია როგორი მივიღეთ 2017 წელს. თქვენთან იჯდა ერთ-ერთი კონსტიტუციის ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც შეახსენეთ თქვენ, მახსოვს, თვითონ გაიგებს გამგები, აღარ მინდა ამაზე ბევრი დრო დავხარჯო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ტიპურად ევროპული კონსტიტუცია საკუთარი ხმებით მიიღო.
„აბა, ნახეთ როგორი თანმიმდევრული იყო „ქართული ოცნება“ – 2012 წელს მოვედით, პარლამენტი იყო კოალიციური, ყველას მოეხსენება. თუ არადა, ნახეთ, ვინც ჩვენთან პარლამენტში იყო, დღეს ქუჩაში დგანან, გვაგინებენ და გვლანძღავენ, არგუმენტები არ აქვთ მხოლოდ. კოალიციურში ვინც იყო თავმჯდომარე, თითი თითზე არ დაუდევს და ცვლილება არც კი დაუწყია, არც კი უფიქრია. ჩემთან ჰქონდა საუბარი ამ პროპორციულზე – 2016-ში თუ 2020-ში, მე მხარს ვუჭერდი 2020-ს, ის ითხოვდა თითქმის 2016-ს, მაგრამ არც დაუწყია პროცედურა. დაეწყო, გამოეტანა ხალხში. იქნებ, მაშინვე მიგვეღო ეს გადაწყვეტილება. მაგრამ 2020 წელზე ხო კითხვის ნიშანი არ იყო, ყველა თანახმა ვიყავით. 2020 წლისთვის არაფერი არ გააკეთეს, გამოუცხადეს ბოიკოტი კონსტიტუციას, რომელიც იყო უნიკალური, ტიპურად ევროპული. ამ დაჩეხილი, დამახინჯებული კონსტიტუციის, ერთ კაცსა და ერთ გუნდზე მორგებული კონსტიტუციის ნაცვლად, ტიპურად ევროპული კონსტიტუცია მივიღეთ. მაშინაც ყველანი იყვნენ ერთის წინააღმდეგ. აბა, ნახეთ, როგორი ბოიკოტი გამოუცხადეს. ვერავინ ამბობს ნაკლს, რეალურ ნაკლს ჩვენს კონსტიტუციაზე, რომელიც მახინჯი კონსტიტუციის ნაცვლად მივიღეთ, ტიპურად ევროპული კონსტიტუცია. იმავე ხალხმა, ვინც დღეს ერთად არიან შეყრილი, ბოიკოტი გამოუცხადეს ამ კონსტიტუციას. ფასი აქვს მაგათ ბოიკოტს დღეს?! ისეთივე ფასი აქვს, როგორც მაშინ. დღესაც დგანან ბოიკოტი ბოიკოტისთვის აქვთ, მაგრამ თანმიმდევრულობა, ელემენტარული ლოგიკა ყველაფერი აქვთ დაკარგული და დავიწყებული. ამბობენ – სამართლიანი არჩევნები გვინდა. ჩვენ, როდესაც „ქართული ოცნება“ დარჩა გუნდში და მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, საკუთარი ნებით და საკუთარი ხმებით მხოლოდ, არც ერთი დამატებითი ოპოზიციური ხმა არ დახმარებია, ასე მივიღეთ ახალი კონსტიტუცია და რაც მთავარია, შევცვალეთ ის, რასაც ღარიბი პოლიტიკური სპექტრი ჩვენი წლობით თუ ათწლეულობით ითხოვს და ჰგონიათ, რომ აქაა გამოსავალი. არ ვფიქრობ, რომ აქაა გამოსავალი, მაგრამ დავაკმაყოფილეთ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს მოთხოვნა. სხვათა შორის, ამ სისტემას რომ აგინებენ ასე თავზეხელაღებულად, იცით, რომ ყველა სისტემას აქვს თავისი მინუსები და პლუსები. ჩვენ შემთხვევაში, ვფიქრობ, სწორად მივიღეთ პროპორციული. უკეთესია, საზოგადოებაში ეს განცდა გაქრეს, რომ არის უსამართლო. არ არის ეს უსამართლო სისტემა, მაგრამ რადგანაც განცდაა ასეთი პოლიტიკურ სპექტრში და დაჟინებით ითხოვენ, მოვუტანეთ და დავუდეთ. თუმცა იტალიელებმა, რომ იცოდეთ, აი შევარდნაძისეული, რომელიც სააკაშვილმა დაამახინჯა და წაიყვანა იქით, საითაც უნდოდა, ისეთი კონსტიტუცია მიიღეს, სწორედ ერთი მესამედი მაჟორიტარები დათმეს პროპორციულის ნაცვლად“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.