ბიძინა ივანიშვილი - მადლობა ქართველ ეპიდემიოლოგებს, ექიმებს, ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა და ენდო ხელისუფლებას
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კოჯორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს.
„მიხარია, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ასე მალე დავუბრუნდით. მინდა, დავიწყო მადლობით. მადლობა ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს. მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა. წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ საქართველო ვირუსისგან თავისუფალ მწვანე ზონად მოიხსენიება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყანაში არის სიმშვიდის, სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი.