ბიძინა გიორგობიანი - შეიქმნა ვითარება, როცა სამომავლოდ აუცილებელი იქნება ამ პოლიტიკური სპექტრის და ლანდშაფტის ძირეული, კარდინალური ცვლილება, რათა საქართველო აღარ ჩავარდეს ასეთ მდგომარეობაში
ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან გეგმას, რომელიც გაწერილი იყო „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ გამოცემულ გეგმაში, – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ლორა თორტონის მიერ წარდგენილი გეგმა ისევ ძალაშია. ეს სცენარი ადვილად გასაშიფრი იყო და არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩვენ მიერაც არაერთხელ იყო ნათქვამი, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა მათი მთავარი ფიგურა, რომელიც თავის თავს გამოაცხადებდა, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ პერსონას საქართველოში. ეს იმდენად უსუსური სცენარი აღმოჩნდა, რომ ბრიუსელის თბილისური ნომენკლატურამ, რომელიც დღეს პრესკონფერენციას ატარებდა და რაღაც გეგმა უნდა წარმოედგინა, თქვა, რომ ორშაბათს წარმოადგენენ, და ორშაბათს ალბათ იტყვიან, სამშაბათს ამერიკის არჩევნებია და დაველოდოთო. დაელოდებიან იქაური არჩევნების შედეგებს. ეს ადამიანებში ძალიან არასერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს, რაც არც არის გასაკვირი, რადგან ეს ყველაფერი უკვე კომიკურია“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მისი თქმით, საქართველოში უკვე მეოთხე მცდელობა იყო რევოლუციის მოწყობის და სახელმწიფო გადატრიალების, რაც კიდევ ერთხელ ჩავარდა.
„ცესკო-ს თავმჯდომარემ დღეს ყველაფერი საფუძვლიანად და კარგად ახსნა. რა თქმა უნდა, უწყება უნდა მიჰყვეს მათ ყველა პროვოკაციულ ნაბიჯს თუ უსაფუძვლო ბრალდებას და ამხილოს. ხელისუფლება ამ გარდამავალ პერიოდში უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და ორიენტირებული უნდა იყოს მომავალზე, იმ დაპირებების შესრულებაზე, რომლებიც არჩევნების წინ გაიცა. რა თქმა უნდა, მათგან ამ ადამიანებისადმი დიდი ყურადღების დათმობა უკვე აღარ იქნება მიზანშეწონილი. მათ ალბათ პასუხი უნდა გასცეს საარჩევნო კომისიამ“, – განაცხადა გიორგობიანმა.
როგორც გიორგობიანმა ასევე აღნიშნა, საერთაშორისო ეგიდით ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა იმდენად წარმოუდგენელი და არასერიოზულია, რომ ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
მისივე თქმით, ოპოზიცია ამბობს, რომ მათი ჯამური პროცენტი მეტია, ვიდრე ხელისუფლების, რითიც ცხადყოფენ, რომ ეს არის ერთი პარტია.
„ისინი ადასტურებენ, რომ ერთი პარტია, ერთი პარტიის განაყოფები არიან და არჩევნებზე მხოლოდ რაღაც ტაქტიკური მოსაზრებებით გავიდნენ ცალ-ცალკე სახელებით. ფაქტობრივად, საქართველოში შეიქმნა ვითარება, როცა სამომავლოდ აუცილებელი იქნება ამ პოლიტიკური სპექტრის და ლანდშაფტის ძირეული, კარდინალური ცვლილება, რათა საქართველო აღარ ჩავარდეს ასეთ მდგომარეობაში, რომ 2028 წლის არჩევნებზე პოლიტიკური ველი აღარ იყოს დასახლებული „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი ამ რაღაც ჯგუფებით, რომლებიც საქართველოს მუდმივად ამყოფებენ პოლიტიკური ტერორის, გადატრიალების და რევოლუციის რეჟიმში“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.