ბიძინა გიორგობიანი - საქართველო ღვინის ექსპორტით დიდ ბაზრებზე ვერ არის გასული, მაგრამ ქართული ღვინო სტაბილურად კარგი საექსპორტო პროდუქტი რომ გახდეს, საჭიროა ბაზრების სწორად მოძიება
ბიძინა გიორგობიანი - საქართველო ღვინის ექსპორტით დიდ ბაზრებზე ვერ არის გასული, მაგრამ ქართული ღვინო სტაბილურად კარგი საექსპორტო პროდუქტი რომ გახდეს, საჭიროა ბაზრების სწორად მოძიება

საქართველო ღვინის ექსპორტით დიდ ბაზრებზე ვერ არის გასული, მაგრამ იმისთვის, რომ ქართული ღვინო გახდეს სტაბილურად კარგი საექსპორტო პროდუქტი, საჭიროა ბაზრების სწორად მოძიება, – განაცხადა პირველი მოწვევის პარლამენტის წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.

ტრენდები უალკოჰოლო ღვინის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, არაბული სამყაროსთვის ჩვენგან ხომ არ მოითხოვს უფრო სხვანაირ შეხედულებას? მაგალითად, ის, რომ მაინცდამაინც საფრანგეთში უნდა ჩავიდე, ბორდოს პროვინციაში და იქ გავყიდო ჩემი „საფერავი“, მაშინ როდესაც ბორდოს პროვინციაში თავად აქვთ ღვინის გაყიდვის პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს ერთი მხრივ კარგია, რომ ჩვენი ხარისხი მაღლა ამოდის. ღვინის ექსპორტი თანხობრივად რომ გაიზარდა, მოცულობით დიდად არ გაზრდილა, უბრალოდ, ხარისხის გაზრდით გაიზარდა ფასი. ეს კარგად მოქმედებს ჩვენს ხარისხზე. საქართველო ღვინის ექსპორტით დიდ ბაზრებზე ვერ არის გასული, მაგრამ იმისთვის, რომ ქართული ღვინო გახდეს სტაბილურად კარგი საექსპორტო საქონელი, საჭიროა ბაზრების სწორად მოძიება და სწორი მიმართულებით მუშაობა“, – განაცხადა გიორგობიანმა.

მისი თქმით, საჭიროა, სუბსიდირება სწორი მიმართულებით გაკეთდეს.

„ჭარბი რაოდენობით სუბსიდირება სწორი არ არის. შეიძლება, ხარისხის სუბსიდირება გაკეთდეს ან, დავუშვათ, საოპერაციო ნაწილში ვინც მეურნე და მევენახეა, იმას გაუკეთდეს სუბსიდირება. ჩვენთან როგორი სუბსიდირებაც არის, ესაა, ფაქტობრივად, ჭარბი რაოდენობის ღვინის წარმოების სუბსიდირება, რაც მე პირადად, გამართლებულად არ მიმაჩნია. ეს უფრო სოციალური პროექტია“, – განაცხადა გიორგობიანმა.

როგორც ბიძინა გიორგობიანმა აღნიშნა, ჩვენ შეგვიძლია, გავყიდოთ არა სოფლის მეურნეობის ნედლეული, არამედ გავაკეთოთ კონკურენტუნარიანი გადამამუშავებელი მრეწველობა და გაკეთდეს სწორი სუბსიდირება.

„2005 თუ 2006 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ეკონომიკის ერთ-ერთმა მინისტრმა თქვა, რატომ უნდა მოვიყვანო საქართველოში ატამი, თუკი შემიძლია, იაფი ატამი შემოვიტანო არგენტინიდანო. ვიცით, რომ ასეთი მიდგომა და ეკონომიკური მოდელები არსებობს. შეიძლება, გვყავდეს ძალიან ნიჭიერი 10 000 კაცი ან 100 ჩოგბურთელი, რომელიც ყველა ტურნირს იგებს და სახელმწიფოში ფული შემოაქვს, მაგრამ ჩვენ ამაზე ხომ არ ვლაპარაკობთ? ეს ჩვენი ეროვნული იდენტიფიკაციის ერთ-ერთი მანიშნებელია, მაგრამ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. უნდა განვავითაროთ ეს ყველაფერი. ლუდს ხარშავდნენ ხევსურეთშიც და ლუდს ხარშავენ გერმანიაშიც. ჩეხები და გერმანელები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან, რომელია ლუდის სამშობლო, მაგრამ იმათ ისე განავითარეს ის ლუდი, რომ ჩვენ მათთან ახლოს ვერ მივალთ. ჩვენ უნდა განვავითაროთ ის, რაც მთელმა მსოფლიომ დაამტკიცა და თქვეს, რომ ჩვენია. ჩვენ ეს უნდა განვავითაროთ, რასაკვირველია, სხვა პროდუქტებთან ერთად, თორემ მარტო მეღვინეობად კი არ უნდა ვიქცეთ. ეს პროდუქტი უნდა განვავითაროთ ისეთ დონეზე, რომ ეს გავხადოთ ჩვენი იდენტობის ნაწილი, ოღონდ ხელშესახები და ისეთი, რომ არ შეგვრცხვეს; ტყუილად არ ვილაპარაკოთ, რომ ეს ჩვენია და ამ დროს, სადღაც მცირე მარნებში, სადაც არანაირ ჰიგიენას არ იცავენ, რაღაც ეტიკეტს მიაკრავენ და დაავადებული ღვინოები იყიდება. ამ დონეზე არ უნდა გავჩერდეთ“, – განაცხადა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, სწორი სუბსიდირება, ბაზრების მოძებნა და სტრატეგიის განსაზღვრა არის ერთ-ერთი იმ მრავალთა შორის, რომ ეს პროდუქტი შევქმნათ.

„ევროკავშირში თუ შევედით და იქაც 16 წელი ღია არ დაგვიტოვეს კარი, როგორც ნატო-ს კართან ვდგავართ, იქ რომ მივალთ, რაღაც უნდა მივიტანოთ და ჩვენი დავიცვათ, თორემ რომ მივიდეთ და ვუთხრათ, აი, მოვედით და ახლა ფულით ამოგვივსეთ ჯიბეებიო, სიმართლე გითხრათ, ამის თქმასაც ვერ მოვასწრებთ. იმიტომ, რომ იქ ჩვენ არავინ არ გველოდება სამაგისოდ“, – განაცხადა გიორგობიანმა.

გიორგობიანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში არსებობს ქვეყნებისთვის კვოტების განაწილების მექანიზმი და არსებობს გარკვეული შეზღუდვები.

„პოლონეთი რომ მიიღეს ევროკავშირში, რამდენიმე წლით აუკრძალეს ღორის ხორცის და პომიდვრის ტომატის შეტანა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ჩვენთან რომ ამბობენ, იქ ბიუროკრატები სხედანო, კი, ბიუროკრატია არის, მაგრამ ეს ბიუროკრატია დაქირავებული ჰყავს სხვადასხვა ქვეყანას და ის წევრი ქვეყნების კვოტების გადანაწილებისთვის მუშაობს. იქ ყველა კვოტა დიდი ხნის წინ არის გადანაწილებული და შენ არავინ არ გელოდება, აბა, შენი ღვინით მოდი, ან შენი „აიტიშნიკები“ მოიყვანე აქ სამუშაოდო. ასე არ გელოდებიან“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.