ბიძინა გიორგობიანი - ჩვენი მთავარი მიზანია უსაფრთხოება, განვითარება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს განვიხილავთ, როგორც ამის ინსტრუმენტს
საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა გიორგობიანი განმარტავს, რა იყო ძირითადი მამოძრავებელი იმპულსი, რის გამო გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული მოძრაობა შეექმნათ.
როგორც ბიძინა გიორგობიანმა აღნიშნა, მათი მთავარი მიზანია ქვეყნის უსაფრთხოება, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამის ინსტრუმენტად განიხილავენ ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს.
გიორგობიანის თქმით, საინტერესო იქნება ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყნების გამოცდილება და ამ მხრივ დისკუსიის გახსნა.
„ჩვენი პრეზენტაცია იყო იმ ძირითადის სათქმელის გადმოცემა, რასაც ვფიქრობთ ვითარებაზე, რომელიც, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, შეიქმნა. უკვე არარეალურად ჩანს გარკვეული დოგმები, რაც შექმნილი იყო მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში, რომელიც არ და ვერ ხორციელდება და თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებში სხვა ხედვის, დისკუსიის შემოტანას საჭიროებს. აუცილებლად გადასახედია ჩვენი მიმართება როგორც საგარეო-პოლიტიკურ, ასევე შემდგომ, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით.
ამ შემთხვევაში ძირითადი მამოძრავებელი იმპულსი იყო ის ფაქტი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში მოგვიტანა თითქმის რაღაც დოგმად ქცეული დამოკიდებულება გარკვეულ სამხედრო ბლოკებზე, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კავშირებზე და, ფაქტობრივად, აკრძალული იყო და არის კიდეც განხილვა სხვა პოლიტიკური განვითარების გზის ან სხვა პარტნიორების მოძებნის. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ, გაგვეხსნა ეს დისკუსია, მოვაწყოთ შეხვედრები ევროპის კონტინენტის იმ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან, რომლებიც არიან ან იყვნენ ნეიტრალურნი და გარემოებების გამო იძულებული გახდნენ, დაკავშირებოდნენ სხვადასხვა სამხედრო ბლოკს. მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში შვედეთი იყო ნეიტრალური სახელმწიფო და შევიდა სამხედრო ბლოკში.
ჩვენთვის საინტერესო იქნება ეს დისკუსია, მათი გამოცდილებები, მომავალი, რაც შეგვიძლია, ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსით, განვითარების ამ გზით მივიღოთ საქართველოსთვის. ჩვენი მთავარი მიზანია უსაფრთხოება, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს განვიხილავთ, როგორც ამის ინსტრუმენტს“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
დღეს დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომელიც დაახლოებით ერთი წლის თავზე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები არიან: ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი.