ბიძინა გიორგობიანი - აშშ-ის გზავნილია, რომ სასამართლო სისტემა კორუმპირებული მოსამართლეების ხელშია და ევროკავშირმა არ უნდა გაბედოს სტატუსის მინიჭება, შედეგად, სურთ იხილონ მორჩილი ხელისუფლება
აშშ-ის გზავნილი ასეთია – პრესის თავისუფლება ვიწროვდება, სასამართლო სისტემა კორუმპირებული მოსამართლეების ხელშია (საკუთარ ცოდვებს კი არ ახსენებენ მოსამართლეებს, ანონიმური სანდო წყაროს ინფორმაციითო), შესაბამისად, ევროკავშირმა არ უნდა გაბედოს ასეთი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ ბიძინა გიორგობიანმა აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.
როგორც ბიძინა გიორგობიანი წერს, „შედეგად, მათ სურთ, იხილონ საქართველოში მორჩილი ხელისუფლება, ჯუჯა ქვეყანა-პროვოკატორი, ერთადერთი ფუნქციით – გამოიწვიოს რუსული აგრესია კავკასიაში, პროვოცირებული რუსეთის ხელით – დესტაბილიზაცია საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში, შესაბამისად, აზია-ევროკავშირის დამაკავშირებელი ბოლო მშვიდობიანი არეალის აფეთქება“.
„ამავე მიზანს ემსახურებოდა არნახულ ტრაგედია გადატანილი თურქეთის საარჩევნო პროცესში აშშ-ის ელჩის ჩარევა და აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის გააქტიურება, მასში ირანის ფაქტორის შეტანა. კრიზისიდან, მდგომარეობიდან გამოსავალი მაინც არსებობს. მეზობლებთან რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებით, შესაძლოა, დესტაბილიზაციის საფრთხის აცილება. ასევე, მოუწევთ გამოსავლის მოძებნა მათ, ვინც ყველაზე ოდიოზური მოსამართლეები „სამიდღემჩიოდ“ გაამწესა და პოლიტიკური მახე დაუგო საკუთარ თავს და ქვეყანას.
პ.ს. „კომისიის გასაძლიერებლად“ მოსამართლეების თემას აუცილებლად გამოეხმაურება სალომე ზურაბიშვილიც და თავისი ჩიქორთული ქართულით მოყვება, როგორ ცუდ დღეშია აქ სასამართლო“, – წერს ბიძინა გიორგობიანი.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.