ბიძინა გეგიძე - არ მაქვს აღქმა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროცესი გამჭვირვალე და პროგრესულია
ბიძინა გეგიძე - არ მაქვს აღქმა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროცესი გამჭვირვალე და პროგრესულია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს ნდობა პროცესის მიმართ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ამის შესახებ გეგიძემ ფრაქციის წარმომადგენლების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ჯანეზაშვილისა და დოლიძისგან მათ მიერ დღეს წარდგენილი ინიციატივის შესახებ მოისმინეს. კომუნიკაცია საკითხზე გაგრძელდება.

„შევხვდით მათი ინიციატივის თაობაზე, რათა მიგვეღო მეტი ინფორმაცია. გვქონდა კითხვები. სანამ დავიწყებთ ამ ინიციატივის განხილვას ფრაქციაში, პირველი შეხვედრა გავმართეთ“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

ამასთან, ბიძინა გეგიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებული პროცესები გამჭვირვალე არ არის.

„ჯერ არ მაქვს აღქმა, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და პროგრესული იყოს. ეს ჯერ არ ჩანს, თუ გამოჩნდება ყველა დავინახავთ. პარლამენტში ყველა წევრისგან უნდა იყოს ამის მზაობა, რასაც ჯერ ვერ ვხედავ. საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს ნდობა პროცესის მიმართ“, – განაცხადა გეგიძემ.

გარდა ამისა, დეპუტატმა სასამართლო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფზეც ისაუბრა და მისი გადახალისების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„დღეს არის სრულიად სხვა მოცემულობა. ამიტომ ადეკვატურია გადაწყვეტილება, რომ ამ მოცემულობიდან, მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფი გადახალისდეს ან გაჯანსაღდეს. სრულიად ახალი გამოწვევებია და ამის მიხედვით უნდა მოხდეს ჯგუფის დაკომპლექტება“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს შეხვდნენმთავარი განსახილველი თემა ჯანეზაშვილისა და დოლიძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ინიციატივა იყო.

ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს დღეს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს. მათი თქმით, საკანონმდებლო წინადადების მთავარი მიზანია, შეიცვალოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის ფორმა, დაინიშნოს კონკურსი, რომელიც იქნება ღია და გამჭვირვალე.